რეზონანსი
12.07.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თელავში სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული იმისთვის, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გუშინ ღამით თელავში სტიქია იყო. სერიოზულად არის დაზიანებული ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართულია. აქ ვიმყოფები ბატონ კახა გულედანთან და დავით სონღულაშვილთან ერთად. ცხადია, პარლამენტის წევრებთან და გუბერნატორთან ერთად. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც ახლა თელავში ყველანი ერთად ვუყურებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს. სამომავლოდ ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ ის კიდევ განმეორდება", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×