რეზონანსი
12.07.2026

თელავში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევებმა რამდენიმე უბანში დატბორვისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების საფრთხე შექმნა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გზაჯვარედინები დროებით დაიკეტა, ხოლო ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მისი თქმით, ზარალი, სავარაუდოდ, მასშტაბური იქნება, თუმცა მისი ზუსტი მოცულობის შეფასება მხოლოდ მდინარის დონის კლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„წუხელ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა თელავში ხევები, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება შეიქმნა აგრარული ბაზრის მიმდებარედ - იქაც დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაციაა. უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია გზაჯვარედინები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ ვიდრე მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, იქამდე ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×