ნატალია ჯვარიძე
10.07.2026

ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ახალი გეგმა ითვალისწინებს უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას, საიდანაც დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო დაახლოებით 3.5 მილიარდი ევრო სესხების სახით გაიცემა.

„აღდგენისა და მდგრადობის გეგმები განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოების ეროვნული რეფორმებისა და ინვესტიციების დღის წესრიგს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის კონტექსტში. ეს მექანიზმი წარმოადგენს NextGenerationEU-ის - ევროკავშირის დროებითი ფინანსური ინსტრუმენტის - ძირითად კომპონენტს, რომლის მიზანია წევრ სახელმწიფოებში მწვანე და ციფრული გარდაქმნების ხელშეწყობა და დაჩქარება, ასევე მდგრადობის, ერთიანობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის გაძლიერება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზი განმარტავს, რომ აღდგენისა და მდგრადობის გეგმის დამტკიცება მოჰყვა უნგრეთის მიერ ახალი გეგმის წარდგენას. უნგრეთის წინა გეგმის ძირითადი ეტაპების შესრულების შეფერხებამ მისი განხორციელება შეუძლებელი გახადა ენერგიის ფასების რყევებით გამოწვეული ხარჯების ზრდის, გეოპოლიტიკური სიტუაციის მოულოდნელი ცვლილებების, განხორციელების გაუთვალისწინებელი სირთულეების, დროის შეზღუდვით ან მოკლე ვადებით გამოწვეული შეფერხებების და სხვა გარემოებების გამო.

უნგრეთის აღდგენისა და მდგრადობის ახალ გეგმაში ასახული ზომები მიზნად ისახავს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის ყველა მიმართულების განხორციელების მხარდაჭერას.

„ეს ზომები უზრუნველყოფს ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვას გეგმის განხორციელებისას, გააძლიერებს უნგრეთის ანტიკორუფციულ სისტემას, გაზრდის გამჭვირვალობას საჯარო რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გამოყენებისას და გააუმჯობესებს დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში.

გეგმა ასევე მოიცავს უნგრეთში სასამართლო დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ზომებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირი განმარტავს, რომ ყველა ეროვნული გეგმის მსგავსად, ამ გეგმით გათვალისწინებული გადახდები შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ კომისია თითოეულ ქვეყანას თანხებს მხოლოდ მას შემდეგ გადაუხდის, რაც ისინი მიაღწევენ შეთანხმებულ ეტაპებსა და მიზნებს მათ გეგმაში შეტანილი რეფორმებისა და ინვესტიციების დასრულების მიმართულებით. საერთაშორისო ანალიტიკოსები ამ მოვლენას რამდენიმე ჭრილში აფასებენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა არის ევროკავშირის ფინანსური ბერკეტების ეფექტურობის დამტკიცება. ბრიუსელმა აჩვენა, რომ ფულს მხოლოდ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის სანაცვლოდ გასცემს.

უნგრეთის მოსახლეობამ დაინახა, რომ ორბანის პოლიტიკას ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში მიჰყავდა, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზეც. მიუხედავად პოლიტიკური „გალღობისა", ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბუდაპეშტს ძალიან მჭიდრო ვადები აქვს.

უნგრეთს სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი ე.წ. 27 „სუპერ-მიზნის" მისაღწევად. თუ ახალი მთავრობა ამ ვადებში ვერ ჩაეტევა, შესაძლოა ფონდების ნაწილი მაინც დაკარგოს. ეკონომიკური ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფინანსური ნაკადების აღდგენა უნგრეთის ეკონომიკას ამოასუნთქებს. პეტერ მადიარის მთავრობამ უკვე დააანონსა, რომ ქვეყანა იწყებს მზადებას 2030 წლისთვის ევროს ზონაში გასაწევრიანებლად. 10 მილიარდი ევროს ჩართვა ინფრასტრუქტურაში, რკინიგზასა და მწვანე ენერგიაში ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×