
უკრაინამ თურქეთსა და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება დაიწყო, რომლის განხორციელებაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ნატოს სამიტის პარალელურად გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ოფიციალური მადლობა გადაუხადა.
„ნამდვილად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოდით, თუ შეიძლება, დეტალების გარეშე, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მივიწევთ წინ. მადლობას ვუხდი ლიდერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ბაქოსა და ანკარასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებული მიმართულებებით სწრაფი ტემპით მიიწევენ წინ, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტების კონკრეტული დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული თანამშრომლობის ინსტიტუციური ფორმირება ექვსი ორმხრივი შეთანხმების პაკეტის ხელმოწერის შემდეგ დაჩქარდა. ამ შეთანხმებების ფარგლებში, შესაბამის უწყებებს დაევალათ უპილოტო სისტემების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტების ერთობლივი წარმოებისა და ინჟინერული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე, პარტნიორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო გამოყენების გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაცვლას.
რას ნიშნავს უკრაინა-თურქეთ აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს თანამშრომლობა ნიშნავს რომ რეგიონში რუსების ინტერესები შეიკვეცება.
"საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, ზელენსკი საკმაოდ სერიოზულ თანამშრომლობაზე გავიდა და თან ეს ანკარაში, ნატოს სამიტის პერიოდში მოხდა, რაც კიდევ უფრო ხაზგასასმელია, სამიტზე საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რაც ძალიან ცუდია.
- ვახტანგ მაისაია:"ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვისა და კასპიისპირეთის არეალში რუსების ინტერესები შეიკვეცება"
"უკრაინა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ალიანსში, ფაქტიურად, დე ფაქტოდ ვრცელდება მეხუთე მუხლი. შესაძლოა უკრაინას, თურქეთსა და აზერბაიჯანს მოლდოვაც შეუერთდეს, ეს სუამის აღდგენის ვარიანტს ჰგავს, როგორც თავის დროზე ანტირუსული ჰეგემონობის გავლენის შესაფერხებლად შეიქმნა და ამ მხრივ დიდი როლიც ითამაშა. დღესაც უკრაინა მოიაზრებს სწორედ ახალი ტიპის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის და თავდაცვითი სამხედრო-პოლიტიკური დე ფაქტო ბლოკის შექმნას.
"ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვისა და კასპიისპირეთის არეალში რუსების ინტერესები გარკვეულწილად შეიკვეცება. უკრაინა უკვე ჩაერთვება გეოეკონომიკური სატრანზიტო კომუნიკაციების დაცვის საქმეში, უკრაინას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
"ის კონსულტაციას უწევს აშშ-ს ახალი ტექნოლოგიური სამხედრო დრონების შემუშავება-განვითარებაზე და მით უმეტეს ახლა იქნება საინტერესო მომენტი, უკრაინის გამოცდილების გაზიარება სატრანზიტო-კომუნიკაციების კუთხით", - განაცხადა მაისაიამ.