მარიამ ვეკუა
10.07.2026

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო " ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც გამოძიება ტერორისტული აქტის მცდელობად აფასებს.

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

„ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერის, თაზო დათუნაშვილის შეფასებით ეს განაჩენი არის პოლიტიკური, რაც საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე მიუთითებს.

„იმას, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობის პრინციპთან და სამართლიანი სასამართლოს იდეასთან. დღეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვიანი ეპოპეის დაგვირგვინება, რომლის მიზანიც არ იყო რაიმე კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის, ამ დანაშაულში რაიმე მოქმედებების განხილვა.

ეს იყო სასამართლო პროცესებად წოდებული პროცესები, რომელიც პაპუაშვილის სიტყვების გასამართლება იყო. პაპუაშვილის, რომელმაც თავის დროზე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ალეკო ელისაშვილს ტერორიზმში არარსებული ბრალი დააბრალა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კობახიძემაც იგივე გააკეთა.

ფაქტობრივად, განაჩენის წინ რამდენიმე წუთით ადრე, კიდევ ერთხელ ზეწოლა მოახდინა სასამართლო სისტემაზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერპრეტაცია დადო განაჩენის სახით. ეს არ არის კანონის უზენაესობა.

ეს არის „ქართული ოცნების", ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზუსტად ისე, როგორც ეს არის ე.წ. საბოტაჟის საქმე, პარტიების აკრძალვის საკითხი ა.შ. ეს არის საქართველოში დემოკრატიის დასამარება",- განაცხადა დათუნაშვილმა.

„ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. როგორც სამადაშვილი წერს, აღნიშნული სასჯელი შურისძიებასა და დაშინებას ემსახურება.

„არანაირი ახსნა არ მაქვს იმ მოვლენების, რომლის გამოც ის დააპატიმრეს... მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მისი სასჯელი მხოლოდ შურისძიების, დაშინების მიზანს ემსახურება, არაფერი აქვს საერთო სამართლის აღსრულებასთან. თუ ვინმეს აქამდე ერიდებოდა მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ესაუბრა, სასჯელის უკანონობამ და სისასტიკემ სრული ლეგიტიმაცია მისცა ამისთვის", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

პრემიერი ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ „უმძიმესი დანაშაული და ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი რომელიც არის დაწყებული".

„ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. როდესაც ეს ადამიანები, აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისთვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული", - განაცხადა კობახიძემ.

 

ბრალდებულის პოზიცია

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში თქვა, რომ რაკი ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა, 13-წლით პატიმრობა ამიტომ განუსაზღვრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს. 13 წელი მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა 25 მილიონის ზიანს ვერ გამოიწვევდა.

უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე ვსაუბრობ, რასაც პროკურატურამ თავი აარიდა და არ მიმართა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეზურ საკითხს, ეჭვსა და ვარაუდს.

ზოგადად, კანონმდებლობით, ყველა ეჭვი, თუ ის საქმეში არსებობს, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია გამოიყენა. მუხლი 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და 13 წელი მიუსაჯა", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

 

მბრალდებლის პოზიცია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პროკურორის თქმით, სასამართლომ შეაფასა ის ფაქტი, რომ ელისაშვილის ქმედება ცალსახად ტერორისტული აქტის მცდელობა იყო და სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად

„მტკიცებულებათა გამოკვლევით დავადასტურეთ ის, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ჰქონდა ტერორისტული აქტის მცდელობა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი და თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე, ისაუბრა ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც ასევე თანმიმდევრული იყო და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების თითოეულ სურათს. სასამართლომ ასევე შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×