თამთა ჩაჩანიძე
10.07.2026

„შიგნით აქცია, გარეთ სანქცია" - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას ამ განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქვეყნის ღალატი" უწოდა. ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ განცხადება შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი გახდეს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს გვარამიას განცხადებას.

პრემიერის თქმით, ესაა მოღალატეობრივი მიდგომა გვარამიას მხრიდან.

"საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ღალატი ზუსტად ეს არის: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია"-, ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის სტრატეგიას ეხება.

როგორც ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, „ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია" - ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.

რა მოჰყვება გვარამიას განცხადებას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს,რომ გვარამიაზე დამატებითი სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

"არაა გამორიცხული, რომ დაიწყოს დამატებითი დევნა. ვთქვათ, ეს წარმოადგინონ როგორც სურვილი. ეს შეგვიძლია ოპოზიციის დევნად შევაფასოთ. ვფიქრობ, გვარამია გულისხმობს იმას, რომ მარტო რეზოლუციები არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ვხედავთ უკვე დამცინავად პასუხობენ, რადგან ფინანსებზე არ მოქმედებს, შემოსავალზე, კონკრეტულ ადამიანებზე. იძახიან, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ამ დროს, საერთო ჯამში საქართველო ზარალდება და როგორ შეიძლება, რომ ჩალის ფასი ჰქონდეს?

  • ნიკა ჩიტაძე: "არაა გამორიცხული, რომ დაიწყოს დამატებითი დევნა. ვთქვათ, ეს წარმოადგინონ როგორც სურვილი. ეს შეგვიძლია ოპოზიციის დევნად შევაფასოთ"

"აქ მარტო რეზოლუციაზე არ არის საქმე, აქ არის საუბარი იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ევროკავშირი და დასავლეთი",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას უნდა ექვემდებარებოდეს. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა ოპოზიციის ნაწილისთვის ახალი არ არის, თუმცა, კანონმა ყველასთვის თანაბრად უნდა იმოქმედოს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

"გვარამიასი და მისი კოლეგების ასეთი განცხადებები რადიკალურ ოპოზიციაში სიახლე არ არის, თუმცა, ამას უნდა მიეცეს ჯეროვანი სამართლებრივი ყურადღება, რაზეც მიუთითა პრემიერმა კობახიძემ და რაზეც ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები.

"ის, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს ნებისმიერმა ოპოზიციონერმა დემოკრატიულ სამყაროში, ბუნებრივია, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაკისრებული ექნება.

"ძალიან უკვირთ ხოლმე, როდესაც ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს იმ აპრობირებული დასავლური სტანდარტებით და გაცილებით მსუბუქად, ვიდრე, მაგალითად ევროპის ქვეყნებში, ან თუნდაც შეერთებულ შტატებშია. შემდეგ ამას არქმევენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, ეგრეთ წოდებულ ავტორიტარიზმს და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღიად, დაუფარავად იმოქმედო, ეს არავის არ უნდა შერჩეს, რა გვარის თუ რა პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს.

  • გია აბაშიძე: "ამას უნდა მიეცეს ჯეროვანი სამართლებრივი ყურადღება, რაზეც მიუთითა პრემიერმა კობახიძემ და რაზეც ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები"

"ამიტომ, მე ვიზიარებ საზოგადოების დიდი ხნის აღშფოთებას, რომელიც აცხადებს, რომ რატომ აქამდე არ ისჯებიან ანტიქართული, დეკლარირებული ძალები და ვფიქრობ, რომ ეს დრო დადგა და ეს კონკრეტულად გვარამიას კი არ ვგულისხმობ, არამედ არაერთ, ექსტრემისტულ პოლიტიკოსს, რომელიც ამგვარ განცხადებებს აკეთებს ღია ეთერში თუ სოციალურ ქსელებში",- განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს. მისი შეფასებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"არაფერი გასაკვირი არაა, ვინაიდან გვარამია მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელია, ის დაქირავებული ჰყავთ უცხოურ გარე ძალებს - მიიღო იქიდან დავალება და აკეთებს იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს. მიიღებენ იქიდან ფულს, დაურიგებენ აქაურ ეგრედ წოდებულ აკაცუკებს, მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს და დაიწყებენ ისევ იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელიც მათ დავალებული აქვთ.

  • ედიშერ გვენეტაძე: "მიმაჩნია ის, რომ ოდნავი გამრუდებული, კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომ იტყვიან "ვირის აბანოში" თავი უნდა უკრა განურჩევლად ყველას"

"ამიტომ მიმაჩნია ის, რომ ოდნავი გამრუდებული, კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომ იტყვიან "ვირის აბანოში" თავი უნდა უკრა განურჩევლად ყველას, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის",- განაცხადა გვენეტაძემ.

რა დაწერა გვარამიამ

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რაც „26 მაისის აქციამაც აჩვენა".

„ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია; გარეთ სანქცია; ალტერნატივა.

ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს, და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ ღიად, თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას და პირდაპირ, თუ ირიბად ცდილობს დაანგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.

"ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა - ეს 26 მაისის აქციამაც აჩვენა. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, რომ პროტესტი პოლიტიკურად შეიძლება გადაითარგმნოს და პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად შეცვალოს. ამ რწმენის გარეშე, პროტესტიც სუსტდება - იმედგაცრუება აპასიურებს.

"ერთიანობა და ალტერნატივა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებისთვის რწმენის განმტკიცებისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია და სანქციებით უბრალოდ ვინმეს კი არ სჯიან, არამედ ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს უმარტივებენ ქვეყნის დასავლეთის გზაზე დაბრუნებას და დემოკრატიის აღდგენას.

"ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის - პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში "ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს",- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×