საგარეო ვერდიქტი, შიდა სამართლებრივი ბრძოლა და „ოცნების" ახალი თაობა - კობახიძის მთავარი აქცენტები
მარიამ ვეკუა
10.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი დოკუმენტები ორგანიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობას ასუსტებს. კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში პროცესები სწორად ვითარდება, თუმცა აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის" საბოტაჟს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

პარალელურად, მმართველი გუნდი მომავალი ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერებას გეგმავს, რათა მათ მომავალში ქვეყნის მართვა გადაიბარონ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტები ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს.

„ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ, ზოგადად, ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, რა თქმა უნდა, ამ აქტიდან," - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე" გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა.

ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია" მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა", მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

„ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გეგმები

კობახიძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.

"ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, დავისახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოჩნდა თუ არა ამის ინტერესი მათ მხრიდან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია, მუშაობის სწორად დაგეგმვა, ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში ქვეყნის მართვა.

"რა თქმა უნდა, ზოგადად, რა თქმა უნდა ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ."

„ნაცმოძრაობის" საკითხი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება აუცილებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" ქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას, სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე.

ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი - ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×