ნატალია ჯვარიძე
10.07.2026

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა იყო, - ინფორმაციას „სიენენი" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში, ისრაელის გაფრთხილებაზე კომენტირებისას, მიუთითეს ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ირანს მისი მოკვლის სურვილი აქვს.

„მათ აშშ-ს ლიდერის ფიზიკური განადგურება სურთ, ანუ ჩემი. მე მათ სიაში ვარ. როგორც ამ დილით ვნახე, მე მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე გამიმართლა, მაგრამ შეიძლება ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ხალხია. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს ავთვისებიანი სიმსივნე, სწორედაც, რომ სიმსივნე. ამ დროს რას აკეთებთ, იცით? მას ადრეულ ეტაპზევე მთლიანად კვეთთ. ასეთია ჩემი პოზიცია,"- განუცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ის ირანის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, გაურკვეველია, მიანიშნებდა თუ არა ის, ისრაელის მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ირანის სამიზნეს აშშ-ს ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირებიც წარმოადგენენ. აშშ-ის მაღალი რანგის პირები ცდილობენ დაადგინონ აქტორები, რომლებიც საუბრობდნენ თავდასხმაზე.

CNN-ის წყაროს თქმით, დაზვერვის სამსახურის ზოგიერთი წევრი ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის ანგარიშების მიმართ. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ერთი გაფრთხილება ამ კვირას მოხდა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, აშშ-ს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის მკვლელობის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ისრაელის მიერ მიუწოდებული გაფრთხილება ახალი იყო და კონკრეტულ შეთქმულებას გულისხმობდა.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელის მიერ მიწოდებული ეს ინფორმაცია არის აზრის შეცვლის მცდელობა, რათა ამერიკამ გააძლიეროს სამხედრო შეტევები ირანზე.

აშშ-ის მთავრობა უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ირანმა შესაძლოა ტრამპის ლიკვიდაცია სცადოს, შურისძიების მიზნით 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონით დარტყმის გამო, რომელსაც ირანის ირანის მაღალი რანგის გენერალი, ყასემ სულეიმანი, ემსხვერპლა.

ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი და აშშ-ის დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გადაცემის დრო და კონტექსტი შემთხვევითი არ არის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებული 60-დღიანი დროებითი ზავის დარღვევისა და საომარი მოქმედებების განახლების ფონზე, ისრაელის ეს ნაბიჯი განიხილება როგორც სტრატეგიული მცდელობა, გავლენა მოახდინოს ტრამპის გადაწყვეტილებაზე.

ანალიტიკოსების აზრით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც სურს ირანზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ამ ინფორმაციით ცდილობს ტრამპი ირანის მიმართ უფრო აგრესიული სამხედრო საპასუხო დარტყმებისკენ უბიძგოს და ჩაშალოს ნებისმიერი კულუარული დიპლომატიური მცდელობა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ყოველთვის გარკვეული სიფრთხილითა და სკეპტიციზმით ეკიდება ისრაელისგან მიღებულ ცნობებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რეგიონში სამხედრო ესკალაციას ეხება.

ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანის მხრიდან ტრამპისა და აშშ-ის სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის მცდელობა სრულიად თავსდება თეირანის გრძელვადიან სტრატეგიაში.

ირანი წლებია ღიად აცხადებს, რომ 2020 წელს გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო შურს იძიებს. ცოტა ხნის წინ ირანის პარლამენტში განხილული კანონპროექტიც კი, რომელიც ტრამპის მკვლელობისთვის 50 მილიონ ევროს აწესებს მოწმობს, რომ ეს მუქარა თეირანისთვის იდეოლოგიური და სტრატეგიული პრიორიტეტია.

უსაფრთხოების ექსპერტები მიუთითებენ, რომ საფრთხე იმდენად რეალურად იქნა აღქმული, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეცვალა პრეზიდენტის გადაადგილების პროტოკოლი. მაგალითად, ნატო-ს სამიტის შემდეგ თურქეთიდან გამგზავრებისას, ტრამპის უსაფრთხოების მიზნით, მოულოდნელად მოხდა თვითმფრინავების როტაცია, რაც ანალიტიკოსთა აზრით, სწორედ ამ სადაზვერვო გაფრთხილების პირდაპირი შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×