დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება მსოფლიო პოლიტიკაში, რადგან ძვირფასი ლითონის ფასს ახლა სამხდრო დაპირისპირება განსაზღვრავს
თამარ ვეფხვაძე
08.07.2026

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ისევ მცირდება. შესაბამისად, ძვირფასი ლითონი გაიაფდა საქართველოშიც. უცხოელი თუ ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, ეს უფრო ფასის კორექციაა, ვიდრე კლების ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველაფერი მაინც გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. 

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლად დაიკლო და 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 088 დოლარის ფარგლებშია. დღიურ ჭრილში, ძვირფასი ლითონის ფასმა 1.39%-ით დაიკლო. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 59.6 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.08%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოში, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 363 ლარია, 750 სინჯის - 272 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 212 ლარი ღირს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი - 5.15 ლარი, ხოლო 875 სინჯის - 4.50 ლარია.

რას უკავშირდება საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის კლების ტენდენცია? „როიტერის“ ინფორმაციით, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი გავლენის შედეგია. მათ შორისაა მოლოდინი, რომ აშშ-ის საპროცენტო განაკვეთები მაღალი დარჩება. ოქროს საპროცენტო შემოსავალი არ გააჩნია, ამიტომ როდესაც ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება, ინვესტორებისთვის ოქროს ფლობა ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

ფაქტორებს შორის უნდა განვიხილოთ აშშ დოლარის გამყარებაც, რადგან ოქრო დოლარში ფასდება, ხოლო ძლიერი დოლარი მას სხვა ვალუტის მფლობელებისთვის აძვირებს. ეს კი მოთხოვნას ამცირებს და ფასზე მოქმედებს.

ოქროს შემცირება გამოიწვია ნავთობის გაძვირებამ და ინფლაციის მოლოდინმა. ბოლო დღეებში, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნავთობის ღირებულება გაიზარდა. ამან გააჩინა მოლოდინი, რომ ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, ხოლო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. ეს სცენარი კი უარყოფითად მოქმედებს ოქროზე.

ფაქტორებს შორის უნდა მოვიაზროთ მოგების ფიქსირებაც. ოქროს ფასმა 2026 წლის დასაწყისში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შემდეგაც ბევრმა ინვესტორმა მოგების მიღება დაიწყო. ამან ფასთა კორექცია კიდევ უფრო გააძლიერა.

საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებით, ოქროს ფასის დღევანდელი ვარდნა ავტომატურად არ ნიშნავს გრძელვადიანი ტენდენციის შეცვლას. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ოქროს ფასის კლების ტენდენცია? ღია ინფორმაციაზე დაყრდნობით, დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ ამჟამად არსებობს, როგორც ფასის კლების ისე ზრდის არგუმენტებიც, მაგრამ ამასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. 

პირველ რიგში, ეს არის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკა - თუ ბაზარი დაასკვნის, რომ საპროცენტო განაკვეთები დიდხანს დარჩება მაღალ დონეზე, ეს ოქროსთვის, როგორც წესი, უარყოფითი ფაქტორია და ფასზე წნეხ აძლიერებს. მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა აშშ დოლარის დინამიკა - ძლიერი დოლარი, ხშირად, შედარებით სუსტ ოქროს ნიშნავს. 

ფაქტორებს შორის უნდა მოვიაზროთ გეოპოლიტიკური რისკები - თუ მსოფლიოში დაძაბულობა გაიზრდება, ინვესტორები ისევ ოქროს, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარს“, დაუბრუნდებიან და შესაძლოა, ფასი ისევ გაიზარდოს. 

ამ ეტაპზე, ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ბევრი ანალიტიკოსი კორექციად მიიჩნევს და არა - გრძელვადიანი, დაღმავალი ტრენდის დასაწყისად. 

საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებას იზიარებს ეკონომისტი ნიკა შენგელია. მისი აზრით, ოქროს ფასის შემცირება ბირჟის რეაქციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილურდება. 

„მოგეხსენებათ,შიშის ინდექსი დაბლაა დაწეული და გამომდინარე აქედან, ოდნავ მცირდება ოქროს ფასი. როგორც კი რამე მოხდება და გაიზრდება საფრთხე, მაშინვე, ავტომატურად ოქრო გაძვირდება. ამიტომ, ოქროს ამჟამინდელი გაიაფება ბირჟის დროებითი რეაქციაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ. 

კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია და მოსალოდნელია თუ არა ოქროს ფასის ისევ გაზრდა, ნიკა შენგელიამ გვიპასუხა, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არსებობს. 

„ორიოდე თვის წინ, როდესაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანში ომი დაასრულა, ბირჟაზე ოქრო გაიაფდა. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და ასეც მოხდა, რადგან როდესაც ირანმა გახსნა ცეცხლი ისრაელის მიმართულებით, ძვირფასი ლითონის ღირებულება  ისევ გაიზარდა. შესაბამისად, ბირჟა რეაგირებს მყისვე, როგორც კი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რამე პროგნოზი წამოიჭრება. აქედან გამომდინარე, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ოქრო ისევ გაძვირდება, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება მსოფლიო პოლიტიკაში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

ოქროს ფასის ცვლილებას გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე. მისი შეფასებით, გარკვეულ პერიოდში ოქროს ფასი ისევ გაძვირდება, მაგრამ გამოკვეთილი იქნება თუ არა ეს ტენდენცია ძნელი სათქმელია. 

„ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ოქროს ფასი სულ იცვლება, მაგრამ მთლიანობაში, მაინც მატების ტენდენცია იყო. ვერავინ იტყვის, რა ღირებულებაზე გაჩერდება, სტაბილური იქნება, თუ გაგრძელდება ცვლილება. საერთოდ, ოქროს ღირებულება ყოველთვის ცვალებადია. ტენდენცია, რომ ოქროს ღირებულება გაიზარდა, ამა თუ იმ მოთხოვნას არ უკავშირდება, უფრო საერთაშორისო სიტუაციის გამო გაძვირდა, რადგანაც ცენტრალურმა ბანკებმა, ბევრმა ქვეყნამ გადაწყვიტა, რომ დოლარის ნაცვლად, ოქროს მარაგი შეავსონ. 

როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ახლა შეჩერდა, ამიტომ ოქროს ფასმა ნელ-ნელა დაიწია. რა მოხდება ახლო მომავალში და საით წავა ფასი, ამის პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, რადგან გაურკვეველია რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოს ბაზარი ყოველთვის რეაგირებს საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. ბოლო დროს ჩვენთანაც გაიაფდა ოქრო და ფასი ახლა აღარ მერყეობს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ ფოფორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×