
დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსული ბალისტიკური ტერორისგან! არ არსებობს უფრო სასწრაფო ამოცანა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ნატო-ს სამიტისადმი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტით. სიბიგა აცხადებს, რომ ამ თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-ს სამიტს მესიჯს უგზავნის, რომ უკრაინელების მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს.
„რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, სამიზნედ საცხოვრებელი კორპუსები აირჩიეს, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად გაზრდილიყო. ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი დაღუპული ოჯახი ამოიყვანეს: დედა, მამა და შვილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება და სამწუხაროდ, რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ანკარას სამიტის მიმართ პუტინის მესიჯი მარტივია: ის ბალისტიკურ რაკეტებს მძინარე ბავშვებისკენ მიმართავს და მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს. რას უპასუხებენ ალიანსის ლიდერები? ახლა სუსტი ნაბიჯების დრო აღარ არის. ისინი მხოლოდ წაახალისებენ მოსკოვს, გააგრძელოს და გააფართოოს ტერორი უკრაინის ფარგლებს გარეთ", - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, ანკარის სამიტის ყველაზე ძლიერი შედეგი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა იქნება.
„გვჭირდება რეალური ნაბიჯები. PAC-3 რაკეტები შეიქმნა ადამიანების ასეთი ბარბაროსობისგან დასაცავად. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ასეთი რაკეტა ინახება პოტენციური საფრთხეებისთვის. მაგრამ უკრაინაში არსებული საფრთხეები პოტენციური არ არის!
რუსული რაკეტები ყოველ კვირას ხოცავს ადამიანებს. უკრაინა ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველ კვირას ბალისტიკური თავდასხმების წინაშე დგას. ამ ტერორისგან დაცვის საშუალებები აქ უნდა იყოს და საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ახლავე გვჭირდება და არა მოგვიანებით. რადგან ჩვენთვის დრო ადამიანის სიცოცხლით იზომება", - წერს სიბიგა.
ოფიციალურ დონეზე ნატოსა და აშშ-ის ლიდერები ყოველთვის ადასტურებენ, რომ საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია, თუმცა, რეალობა უფრო კომპლექსურია. ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის პენტაგონის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ PAC-3 საზენიტო რაკეტების გადაცემა მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ამ რაკეტების წარმოების ციკლი რთულია და დასავლეთის თავდაცვითი მრეწველობა ვერ ეწევა იმ ტემპს, რასაც უკრაინაში მიმდინარე ინტენსიური ომი მოითხოვს.
ოფიციალური პირები კულუარებში აღიარებენ, რომ ვერ დააცარიელებენ საკუთარ არსენალებს, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ან წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ბატარეებს, რადგან იქაც გლობალური კონფლიქტების კერებია.
სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსები, მათ შორის ომის შესწავლის ინსტიტუტი და ევროპული კვლევითი ცენტრები სიბიგას მოსაზრებას ეთანხმებიან იმაში, რომ რუსული დარტყმების დრო სპეციალურადაა შერჩეული:
„იძულება მშვიდობისთვის" რუსული სცენარით. ექსპერტების აზრით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე ბალისტიკური იერიშებით კრემლი ცდილობს დათესოს აპათია და დასავლეთს დაანახოს, რომ უკრაინის დახმარებას აზრი არ აქვს - ნგრევა მაინც გაგრძელდება.
მათი შეფასებით, პუტინი ალიანსის წევრებს უგზავნის სიგნალს: „რაც უფრო მეტად დაეხმარებით უკრაინას, მით უფრო რადიკალური იქნება ჩემი პასუხი".
ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ ნატო ამ შანტაჟს დაემორჩილება და რეაგირება იქნება „სუსტი", როგორც სიბიგა ამბობს, ეს რუსეთს სიგნალს მისცემს, რომ დასავლეთის რესურსი ან ნება იწურება. მათი აზრით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი. უკრაინა ითხოვს გადათვლას - პოტენციური საფრთხეების შიშიდან რეალურ, მიმდინარე კატასტროფის რეაგირებაზე. ანკარის სამიტზე ნატოს პასუხი აჩვენებს, მზად არის თუ არა დასავლეთი დაძლიოს მოსკოვის „ესკალაციის შიში".