მარიამ ვეკუა
03.07.2026

ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში სტაბილურობისა და სამხედრო თავშეკავების პრინციპებზე იყო აგებული, როგორც ჩანს იცვლება. ფინეთის მიერ ბირთვულ იარაღზე არსებული ხანგრძლივი ტაბუს მოხსნამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: დღეს დღის წესრიგში უკვე ლიეტუვის კონსტიტუციის გადახედვის საკითხი დგება.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბირთვულ იარაღსა და უცხოურ სამხედრო ბაზებზე კონსტიტუციით დაწესებული აკრძალვა „მოძველდა". ეს განცხადება ემთხვევა ფინეთში ანალოგიური ბირთვული აკრძალვის ოფიციალურ გაუქმებას, რასაც მოსკოვის მხრიდან მუქარა მოჰყვა, რუსეთის მტკიცებით, მას ქვეყნის ნახევრის განადგურება შეუძლია.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდა, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ის პუნქტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT იუწყება, ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი, რომელიც პირდაპირ კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებასა და უცხოური სამხედრო ბაზების დაარსებას, „დრომოჭმული" და „მოძველებულია".

„გეოპოლიტიკური ვითარება სულ უფრო უარესდება. ჩვენი კონსტიტუცია მაშინ დაიწერა, როდესაც გეოპოლიტიკური მოცემულობა სრულიად განსხვავებული იყო", -აღნიშნა ნაუსედამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა ნატოს მრავალეროვნულ ბატალიონს მასპინძლობს, სადაც მუდმივად 5000-მდე გერმანელი ჯარისკაცია დისლოცირებული. ლიეტუვა გარშემორტყმულია ბირთვული პოტენციალის მქონე არსენალით, რომელიც განთავსებულია როგორც კალინინგრადში, ისე მოსკოვის უახლოეს მოკავშირე ბელარუსში.

ახლა, მას შემდეგ, რაც ლიეტუვის პოლიტიკური პარტიების ლიდერები ქვეყნის კონსტიტუციის შესწორებაზე პრინციპულად უკვე შეთანხმდნენ, დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რა გზით უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება -საპარლამენტო კენჭისყრით (როგორც ეს ფინეთმა გააკეთა) თუ რეფერენდუმის გზით. ფინეთმა ბირთვული იარაღის აკრძალვა გააუქმა ფინეთმა კენჭისყრით გააუქმა ბირთვულ იარაღზე არსებული ხანგრძლივი აკრძალვა.

ეს გადაწყვეტილება ქვეყანას საშუალებას აძლევს მოკავშირეთა თავდაცვის ფარგლებში მიიღოს, გადაზიდოს და ხელი შეუწყოს ბირთვული შეიარაღების გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე. ახალი რეგულაცია ძალაში ოთხშაბათს შევიდა.

პარალელურად, ფინეთმა გამოაცხადა გეგმები ამერიკულ თავდაცვის გიგანტთან, Lockheed Martin-თან პარტნიორობის შესახებ. პროექტი ტამპერეში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (MLRS) ევროპაში პირველი ტექნიკური მომსახურების ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ სიახლეებმა რუსეთის მძაფრი გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჟურავლიოვმა ფინეთი „მეორე უკრაინად" ჩამოყალიბებაში დაადანაშაულა და ღიად დაემუქრა, რომ მოსკოვს ქვეყნის ნახევრის განადგურების სამხედრო ძალა შესწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×