
კაცი, რომელიც აბაშაში, „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები „ტვ პირველს“ უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა პოლიციაში დაერეკათ, რათა მალე დაეკავებინათ.
აღნიშნული პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ადგილობრივების თქმით, მას, სავარაუდოდ, ოჯახური პრობლემები ჰქონა.
„ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. ძარცვის მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა და დამასვენეთო იძახდა. ერთხელ გაისროლა, არავინ დაშავებულა. დიახ, ადგილზევე დააკავეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სენაკში მსახურობდა.
„ოჯახური პრობლემები ჰქონია რაღაც და იმის გამო მოხდა, თორემ დაყაჩაღება არ ყოფილა. არა, ფული არ მოუთხოვია. ჯარში მსახურობდა, სენაკში. ახალგაზრდა ბიჭი იყო. ესე გამოდის, უნდოდა, რომ დაეჭირათ. არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო, ეს სიტუაცია იყო. არა, არაფერია წაღებული“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათი თქმით, ბანკის თანამშრომლები გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.