
სანამ მოსკოვი ყირიმში უკრაინის მასშტაბური იერიშების მოსაგერიებლად ნაჩქარევად სწავლებებს მართავს, სახელწოდებით „ყირიმის გამოღვიძება", კიევი ნახევარკუნძულზე რეალურ და გამანადგურებელ დარტყმებს აგრძელებს.
უკრაინის უსაფრთოების სამსახურის დრონების ბოლო თავდასხმამ „საკისა" და „გვარდეისკოეს" საკვანძო ბაზებზე მტრის სულ მცირე 7 საბრძოლო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოიყვანა და გაანადგურა დრონების ინფრასტრუქტურა, რაც ადასტურებს, რომ ომი ყირიმისთვის თვისებრივად ახალ ფაზაში შედის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე იერიში მიიტანეს. თავდასხმის სამიზნე „საკისა" და „გვარდეისკოეს" ავიაბაზებზე განთავსებული სამხედრო ავიაცია და დრონების ინფრასტრუქტურა გახდა.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარასკევს „ტელეგრამზე" გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული ოპერაცია იმ 40-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის დამტკიცებული და მიზნად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ კამპანიის მიზანი რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი და სისტემატური ზეწოლის გაზრდაა, რაც მოიცავს სამიზნეებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე უშუალოდ რუსეთის სიღრმეში.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა მსგავსი ოპერაციების მასშტაბებს კიდევ უფრო გააფართოებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დარტყმა „საკის" აეროდრომზე განხორციელდა, სადაც საავიაციო ტექნიკა ინახებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე კვირაში „საკის" ავიაბაზაზე უკრაინის მიერ განხორციელებული უკვე მეორე იერიშია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ანგარებში „Су-30СМ", „Су-30" და „Су-24" ტიპის გამანადგურებლები და ბომბდამშენები ინახებოდა. წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ან დაზიანებულია სულ მცირე შვიდი თვითმფრინავი.
უწყების ცნობით, იერიში ასევე მიიტანეს „გვარდეისკოეს" აეროდრომის ორ ობიექტზე, სადაც „შაჰედის" ტიპის დრონები და სხვა საავიაციო ტექნიკა ინახებოდა. „ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას აგრძელებს და რუსეთის სამხედრო პოტენციალს სისტემატურად ამცირებს. ჩვენი თითოეული სპეცოპერაცია ნიშნავს მტრის ნაკლებ თვითმფრინავს, ლოგისტიკურ ცენტრს, საწყობსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც რუსულ აგრესიას ემსახურება", - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ასევე დასძინეს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ რუსულ სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანას. მანამდე, ოთხშაბათს, SBU-მ „საკის" ავიაბაზაზე განთავსებულ ობიექტზე მიიტანა იერიში, სადაც რუსული გამანადგურებლები იყო განთავსებული. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის მომენტში ორ ობიექტში „Су-30" და „Су-30СМ" ტიპის გამანადგურებლები იყო გათვასებული. მოგვიანებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „Су-30СМ" იდგა, ხანძარი გაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმამ მიზანს მიაღწია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, თითოეული ასეთი თვითმფრინავის ღირებულება 30-დან 50 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ბევრი თანამედროვე წამყვანი სამხედრო-საზღვაო თუ საჰაერო ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ტექნიკას გამაგრებულ თავშესაფრებში მალავენ, რუსეთი თვითმფრინავებს ხშირად ღია ცის ქვეშ ან მსუბუქად დაცულ ანგარებში ათავსებს, რაც მათ დრონების დარტყმების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.
რუსულ მხარეს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ყირიმში განთავსებულმა რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ სამეთაურო-საშტაბო სწავლებები გამართეს, სადაც უკრაინული ძალების მიერ ნახევარკუნძულის შესაძლო დეოკუპაციის სცენარი დაამუშავეს.
რუსული გამოცემა The Insider-ის ცნობით, სწავლებაში, სახელწოდებით „ყირიმის გამოღვიძება", მონაწილეობა თადარიგის პოლკოვნიკმა ვიქტორ მურახოვსკიმ მიიღო. მანევრების დროს უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმის სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებამ სიმულაცია გაუკეთა უკრაინული ძალების წინსვლას ყირიმისკენ ოდესის სექტორიდან და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, რა დროსაც რუსულ ჯარებს საკვანძო პოზიციებზე სევასტოპოლის გარშემო, ყირიმის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ასევე ქერჩის სრუტესთან, თავი უნდა დაეცვათ ანგარიშის თანახმად, აღნიშნული სცენარი ფოკუსირებული იყო არა ტრადიციულ საზღბაპ დესანტზე, არამედ თანამედროვე ომის წარმოებაზე დრონების, შორი მოქმედების ზუსტი იარაღისა და სწრაფმავალი მოიერიშე კატარღების გამოყენებით.