
კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი გვყავს - აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა მოაწერეს ხელი, ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
მანამდე, მირზოევი კობახიძეს პირისპირ შეხვდა, სადაც ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, საუბარი შეეხო შუა დერეფანს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოს 2 ივლისს ესტუმრა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
2 ივლისის საღამოს კი, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
რას გაუსვეს ხაზი მირზოევმა და კობახიძემ
საქართველოს მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის მხარეს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
"მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით.
- ირაკლი კობახიძე: "ერთობლივი დეკლარაცია მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით"
"ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.
"გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
"ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით.
"თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა კობახიძემ.
თავის მხრივ უზბეკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები, რაც არის მთავრობის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი".
"მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენით - ოქროს საწმისით დაჯილდოებისთვის. ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა.
- შავკატ მირზოევი: "მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი"
"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი.
"დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,"- განაცხადა შავკატ მირზოევმა.