
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 ქვეყანას გაუგზავნა წერილები უკრაინისთვის „პეტრიოტის" ტიპის რაკეტების ამ თვეში გადაცემის თხოვნით ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკვე გაუგზავნა წერილები თითქმის 40 პარტნიორ ქვეყანას უკვე ამ თვეში არსებული მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემის თხოვნით - სამომავლო მიწოდებების სანაცვლოდ, რომლებიც უკრაინისთვის კონტრაქტებითაა გათვალისწინებული.
ასევე თხოვნით შენატანები გააკეთონ PURL და JUMPSTART მექანიზმებში. ეს Patriot-ებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდების ყველაზე სწრაფი და საიმედო საშუალებებია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების უკვე ნატოს სამიტამდე მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ანტიბალისტიკური რაკეტებით უზრუნველყოფისთვის აპრილში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გააფორმა რეკორდული კონტრაქტი Patriot-ებისთვის PAC-2 ასობით რაკეტაზე გერმანიის მხარდაჭერით. მათი მიწოდებები შემდეგი წლების განმავლობაში დაიწყება.
ასევე წელს უკრაინამ პირველად დაიწყო ევროპელი პარტნიორების მარაგებიდან რაკეტების მიღება. "თუმცა ეს არასაკმარისია - უკრაინას უკიდურესად სჭირდება Patriot სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები. ისინი არის პარტნიორების მარაგებში. და სწორედ სწრაფ გადაწყვეტილებებზე, PURL მექანიზმის გაფართოებაზე და JUMPSTART-ით რაკეტების შესყიდვაზეა დამოკიდებული უკრაინული ცის დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსების აზრით, განცხადებაში ნატოს სამიტის ხსენება შემთხვევითი არ არის. უკრაინა ცდილობს მაქსიმალური პოლიტიკური პრესინგი განახორციელოს პარტნიორებზე უშუალოდ სამიტის წინ, რათა ალიანსის წევრებმა არა მხოლოდ გრძელვადიანი დაპირებები გასცენ, არამედ კონკრეტული, მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფორმულა „ახლა მოგვეცით თქვენი მარაგებიდან და მოგვიანებით დაგიბრუნებთ ჩვენი კონტრაქტებით" არის ძალიან პრაგმატული მცდელობა დასავლური ბიუროკრატიის გვერდის ავლისა. ამასთან, სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ეს მექანიზმები წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მიზნად ისახავს შესყიდვების დაჩქარებას და კოალიციური სახსრების მობილიზებას.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინა ცდილობს შექმნას მრავალეროვნული დაფინანსების მოდელი, სადაც ერთ ქვეყანას შეუძლია დააფინანსოს, ხოლო მეორემ - საკუთარი მარაგებიდან გასცეს რაკეტები, რაც პროცესს ბევრად მოქნილს ხდის.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, ეს წერილები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამოწურვის ზღვარზეა რუსეთის ინტენსიური სარაკეტო და დრონების თავდასხმების ფონზე. PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები ერთადერთია, რომლებსაც ეფექტურად შეუძლიათ რუსული ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების ჩამოგდება, ამიტომ მათი დეფიციტი პირდაპირ აისახება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობაზე.