
ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეირანში უკვე ჩავიდა, სადაც ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ დიდი შეუსაბმობაა, როცა ერთის მხრივ აშშ-სთან გადატვირთვაზე საუბრობდე და მეორეს მხრივ სამძიმარს უცხადებდე მის მოწინააღმდეგეს. "ოცნებაში" კი პრობლემას ვერ ხედავენ.
"მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და მომავალშიც არ დავიხევთ უკან, ეს უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს - ნაბიჯები, რაც აშშ-დან გადმოიდგა, მას შემდეგ იყო, რაც პრემიერი სამძიმარზე იმყოფებოდა სხვა შემთხვევაში",- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ირანული მედიის თანახმად, ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. ყაველაშვილის გარდა კი დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებიან თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ერაყის პრეზიდენტი ნეზარ ამიდი, უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
ყაველაშვილ-ფეზეშქიანის შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
"საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
- ნიკა ჩიტაძე: "ქართული დელეგაცია უკვე ორჯერ გამოჩნდა ირანში დაკრძალვებზე, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და სიტუაციას უფრო ამძაფრებს"
ოპოზიციაში აღნიშნულს მწვავედ აკრიტიკებენ.
"იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს - ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა",- ამბობს "ლელოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია.
მანამდე ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან "ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან".
"ქართული ოცნების" ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას" შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს", - აცხადებს კონგრესმენი.
ირანში ვიზიტის გავლენა აშშ-სთან ურთიერთობაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკას ხელს შეუშლის ხამენეის დაკრძალვაზე დელეგაციის ჩასვლა, მით უმეტეს, როცა ქართული დელეგაციის ჩასვლა ირანში უკვე ერთჯერადი ხასიათი არ აქვს და უკვე აშშ-ს შესამჩნევად მეორედ მოხდა.
"აღნიშნული ნაბიჯი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, აშშ-ს შეიძლება რაღაც მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრება ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ალბათ გათვალისწინებული იქნება.
"ქართული ოცნება" კი თითქოს ცდილობს დალაგებას აშშ-სთან, მაგრამ არ სურს აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა. ქართული დელეგაცია უკვე ორჯერ გამოჩნდა ირანში დაკრძალვებზე, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და სიტუაციას უფრო ამძაფრებს. აშშ-შიც არის ერთი ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოსთან ჯერ არ შეიძლება ურთიერთობის დალაგება, მეორე ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დალაგდეს, ამ ჯგუფებს შორისაც მიდის ბრძოლა, ასევე რუბიოს პოზიციაც ვიცით, რომ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს.
"აშშ-დან ისეთი კონკრეტული ნაბიჯები არ გადმოუდგამთ, ჯერ ერთი აშშ-ს ელჩი არ ჰყავს და ა.შ. თუმცა, ეს ირანის თემის გარდა უკავშირდება კანონების მიღებას, ოპონენტების დევნას და ა.შ."- განაცხადა ჩიტაძემ.
- ედიშერ გვენეტაძე: "რატომ ჩადიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის წარმომადგენლები? მით უმეტეს თურქეთი ნატოს წევრია. ეს ლაყბობაა და აშშ- საქართველოს ურთიერთობებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს"
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაკრძალვაზე დასწრება ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ქართველ კაცს ასეთი რამ აქვს ნათქვამი - "მეზობელს რომ მუცელი ასტკივდება, მუცელზე შენც უნდა მოისვა ხელიო", ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ იმ კულტურის წარმომადგენელი ერი ვართ, სადაც ნათქვამია - "დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო", როცა გაჭირვებაა, მძიმე სიტუაციაა, დასაფლავებაა და კაცი უკვე უფალთანაა წასული, გვერდში დგომა და სამძიმარზე მისვლა არავისი გასარჩევი არაა.
"რატომ არ ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ჩადიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის წარმომადგენლები? მით უმეტეს თურქეთი ნატოს წევრია. მიმაჩნია, რომ ეს ლაყბობაა და აშშ- საქართველოს ურთიერთობებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
"აშშ დიდი ქვეყანაა და ჩვენისთანა პატარა ქვეყანა შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ-ზნეობრივ ნორმებში არ ჯდება მარაზმია, რომ დაკრძალვაზე დასწრებამ ხელი შეუშალოს ურთიერთობას",- განაცხადა გვენეტაძემ.