რეზონანსი
02.07.2026

ზუსტად ერთი კვირა და 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტობისთვის ემზადება. თბილისსა და რეგიონებში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩატარდა. დედაქალაქში 9 საგამოცდო სივრცეა გახსნილი, სადაც ახალგაზრდებს გამოცდის ჩაბარება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.

აბიტურიენტები გამოცდებს ორ ნაწილად, პირველ და მეორე სესიებზე აბარებენ. დილიდან მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა კახეთის საგამოცდო ცენტრებში. 2 სივრცეა გახსნილი სამეგრელოშიც. მხოლოდ ზუგდიდში ეროვნულ გამოცდებს 1500 აბიტურიენტი აბარებს.

4 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს აჭარაში. რეგიონში 4 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული. საგამოცდო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა იმერეთშიც.

გამოცდებს მსჯავრდებულებიც აბარებენ. სპეციალური პენიტენციური სისტემიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 პირია რეგისტრირებული, მათ შორის 5 არასრულწლოვანი. უწყების ინფორმაციით, აქცენტი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდასა და საგანმანათლებლო რესურსების გაფართოებაზე კეთდება.

დღეს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 95 პროცენტზე მეტი გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების ფაქტებიც. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხვალაც ჩატარდება.

თბილისსა და რუსთავში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში განათლების მინისტრი იმყოფებოდა. უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები განათლებას უფასოდ მიიღებენ. გივი მიქანაძე კიდევ ერთ სიახლეზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით, აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად პროფესიული განათლების მიმართულების არჩევაც შეუძლიათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია.

აბიტურიენტების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტი.

მომავალ სტუდენტებს მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აქცენტს აბიტურიენტების მხრიდან მომავლისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე აკეთებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკით დასრულდება. მასწავლებლის სასერტიფიკაციო პროცესში მონაწილეები 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი გაიმართება, 23 და 24 ივლისს კი მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×