რეზონანსი
02.07.2026

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, რომელიც  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გაავრცელა, საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რუსული მხარემ დაჟინებით მოუწოდებს, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე.

ასეთი შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა ჟენევის დისკუსიების​ ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში“, – აცხადებს რუსული საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის შესახებაც.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეხვედრების დასრულების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა თქვა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ხელს საქართველო უშლის.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

„2026 წლის 30 ივნისს-პირველ ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება“, – ნათქვამია საქართველოს სააგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×