
სანამ უკრაინა ფრონტზე არსებული „შესაძლებლობების ფანჯრის" გამოსაყენებლად ევროკავშირისგან მილიარდობით ევროს სასწრაფო მობილიზებას ითხოვს, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გააქტიურებას ცდილობს.ფრონტზე რუსული არმიის შენელების პარალელურად, კრემლის მთავარ სამიზნედ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობის რღვევა და დასავლეთში დივერსიული ოპერაციები ხდება, რაც აჩვენებს, რომ ომის ბედს ამჯერად არა მხოლოდ იარაღი, არამედ მოკავშირეთა ერთობა განსაზღვრავს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა აღნიშნა, მიმდინარე წელს უკრაინის თავდაცვის მთლიანი საჭიროება დაახლოებით 136 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, საიდანაც უკრაინის ბიუჯეტი მხოლოდ 53 მილიარდი ევროს დაფარვას ახერხებს.
როიტერსის მიერ მოპოვებული, 26 ივნისით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, რომ უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხიდან წელს თავდაცვის მიზნებისთვის დაახლოებით 28.3 მილიარდ ევროს მიიღებს. თუმცა, ფედოროვის განცხადებით, ამ დახმარებისა და თავად კიევის შიდა დაფინანსების გათვალისწინებითაც კი, თავდაცვის სფეროში „მნიშვნელოვანი" ფინანსური დეფიციტი მაინც რჩება.
„მშვიდობის ევროპული ფონდის სახსრები მიმდინარე წელს უკრაინისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპული წვლილი გახდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რესურსები მიიმართება იქ, სადაც მათ ყველაზე დიდი და მყისიერი სამხედრო ეფექტის მოტანა შეუძლიათ",- აცხადებს მინისტრი წერილში.
მიმდინარე წელს რუსეთის წინსვლა შენელდა. უკრაინამ ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე წარმატებული კონტრშეტევები განახორციელა, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე საშუალო და შორ მანძილზე მიტანილი იერიშებით მოსკოვის ლოგისტიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და მისი ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეამცირა.
ამავდროულად, 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისგან (ე.წ. „რამშტაინის ფორმატი", რომელიც 50 პარტნიორ ქვეყანას აერთიანებს) დამატებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დაფინანსებას ითხოვს, რაც უკვე გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის ზემოთ დამატებითი რესურსი იქნება.
პარალელურად, პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა, ტომაშ სემონიაკმა რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი დივერსიული ოპერაციებისთვის ემზადებიან, რომელთა მიზანიც პოლონელებსა და უკრაინელებს შორის არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებაა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვა. დაპირისპირების მიზეზი უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის იმ ამბოხებულთა სახელის მინიჭება გახდა, რომლებსაც ბრალი მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელების მასობრივ ჟლეტაში ედებათ.
სემონიაკის განცხადებით, ბოლო კვირებში პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომი განსაკუთრებით გააქტიურდა -ე.წ. „ტროლები" და „ბოტები" აქტიურად ცდილობენ დაპირისპირების გამწვავებას და პოლონურ ინტერნეტსივრცეზე გავლენის მოპოვებას.
„რუსეთის და მისი სპეცსამსახურების უმთავრესი ოცნება იყო და დღესაც რჩება პოლონეთსა და უკრაინას შორის რაც შეიძლება დიდი დაძაბულობის გაჩენა", - აღნიშნა სემონიაკმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მათ შორის პოლონეთში მყოფ უკრაინელებზე თავდასხმა, რაც საზოგადოებრივ განწყობებს კიდევ უფრო გაამწვავებდა, სემონიაკმა უპასუხა, რომ მსგავსი სცენარები სრულიად დასაშვებია.
უფრო ფართო მასშტაბით, სემონიაკმა აღნიშნა, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები შეშფოთებულნი არიან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თუ კინეტიკური თავდასხმების საფრთხის გამო.
„რუსეთს ამგვარი ქმედებების მთელი არსენალი აქვს და... ისინი ემზადებიან კიდეც ამისთვის. ჩვენ სხვადასხვა სცენარი უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა მინისტრმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: „მშვიდობის ევროპული ფონდის სახსრები მიმდინარე წელს უკრაინისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპული წვლილი გახდეს,"