
უკრაინის შეირაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და უკრაინის ამჟამინდელი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ვალერი ზალუჟნი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე კიევში დაიბარეს, სადაც მას ჰკითხეს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის შემოდგომაზე ჩატარდება, - ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, გასული კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილეს ლონდონში არსებული ვითარება და მისი პოტენციური გავლენა უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობაზე.
შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზზე სიტუაცია დადებითად ვითარდება, საზოგადოება საკმაოდ კონსოლიდირებული რჩება და, შესაბამისად, არჩევნების ჩასატარებლად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. თუმცა, მთავარი ამოცანაა მათი ისე ჩატარებაა, რომ ქვეყანამ ახალი შიდა განხეთქილება არ განიცადოს.
ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია იმ რისკების თავიდან აცილება, რასაც ზელენსკის და ზალუჟნის შორის დაპირისპირება მოჰყვება. წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ყოფილ მთავარსარდალს პირდაპირი კითხვა დაუსვა: „თუ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება, იყრით თუ არა კენჭს?" რაზეც მან მკაფიო პასუხი მიიღო: „დიახ".
გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ საუბარი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ზელენსკიმ ზალუჟნის კარიერული ვარიანტებიც კი არ შესთავაზა - ამას აზრი არ ჰქონდა.
თუმცა, „უკრაინსკაია პრავდას" წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისი მზად იყო განეხილა არა მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი სამთავრობო თანამდებობა, მათ შორის მთავრობის მეთაურის თანამდებობა, სხვა შესაძლო შეთავაზებებთან ერთად.
თავის მხრივ, ზალუჟნიმ სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მას არასდროს უფიქრია პოლიტიკურ კარიერაზე, მაგრამ ბევრი ადამიანი მასზე ამყარებს იმედებს და ვერ შეძლებს აუხსნას, თუ რატომ უნდა უგულებელყოს მათი ნდობა.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა და გენერალმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაიშალნენ.
„ზალუჟნის კიევში ყოფნის დროს მას ასევე შეხვდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია. მათ პრაქტიკულად იგივე არგუმენტები გაიმეორეს: საზოგადოების განხეთქილების პოტენციალი, ზედმეტად კონფლიქტური კამპანიის საფრთხე და რისკები სახელმწიფოსთვის.
ზალუჟნის პასუხიც უცვლელი დარჩა. ამის შემდეგ, ყველაზე გამოცდილ მომლაპარაკებლებსაც კი არგუმენტები ამოეწურათ. თუმცა, დაშორებისას, მათ მაინც სთხოვეს ზალუჟნის: „ძმაო, კიდევ ერთხელ დაფიქრდი", - წერს „უკრაინსკაია პრავდა".
ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი რეალური და ყველაზე ძლიერი პოტენციური კონკურენტია.
უკრაინელი ანალიტიკოსები, მაგალითად ვოლოდიმირ ფესენკო და სოციოლოგიური ცენტრები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი განწყობები ორგვარია: გამოკითხვები აჩვენებს, რომ თუ ზალუჟნი პოლიტიკაში წავა, ის ავტომატურად იკავებს მეორე და ზოგჯერ პირველ ადგილს.
ანალიტიკოსების თქმით, მისი რეიტინგი არის არა კლასიკური პოლიტიკური მხარდაჭერა, არამედ საზოგადოების მხრიდან სამხედროების მიმართ არსებული უდიდესი ნდობის ასახვა.
უკრაინელი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თუ არჩევნები ომის დასრულებამდე ჩატარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „პოლარიზაციის აფეთქება", სადაც საზოგადოება და, რაც მთავარია, ჯარი ორ ბანაკად გაიყოფა, რაც ფრონტისთვის კატასტროფული იქნება.
საერთაშორისო ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ აღიქმება ეს ორი ფიგურა დასავლეთში. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, მისი ჩანაცვლება არჩევნების გზით, სანამ ომი აქტიურ ფაზაშია, პარტნიორ ქვეყნებში განსაკუთრებით აშშ-სა და ბრიტანეთში გააჩენს კითხვებს სტაბილურობის შესახებ.
ვალერი ზალუჟნის კი დასავლეთში უყურებენ როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, რომელსაც აქვს შესანიშნავი რეპუტაცია ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობასთან.
თუმცა, დასავლელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ზალუჟნის პოლიტიკური გამოუცდელობა და მკაფიო ეკონომიკური თუ საგარეო პროგრამის არქონა მისი სუსტი წერტილია.
სამხედრო ანალიტიკოსების აქცენტი უფრო პრაგმატულია და ნაკლებად ეხება პროცენტებს. მათი აზრით, ზალუჟნის გამარჯვება უფრო სავარაუდო ხდება იმ სცენარში, თუ საზოგადოებაში გაღრმავდება იმედგაცრუება ფრონტზე არსებული სიტუაციის გამო. როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამომრჩეველი ინსტინქტურად ირჩევს „რკინის გენერალს".
თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ზალუჟნი იძულებული გახდება გასცეს პასუხები რთულ კითხვებზე, მაგალითად მობილიზაციის მკაცრ ტალღებზე, რასაც ის თავის დროზე ითხოვდა, რაც მის რეიტინგს დაარტყამს.