
ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.
POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდაჭერას უცხადებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია FairSquare-ის მიერ შეტანილ საჩივარს და მოუწოდებენ ფიფას ეთიკის კომიტეტს, შეისწავლოს „გადაწყვეტილებები ფიფას ყოველწლიური მშვიდობის პრემიის დაწესებასა და შემდეგ ამ პრემიის პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაცემასთან დაკავშირებით".
„მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა წერილის ავტორმა, ევროპარლამენტარმა ბარი ენდრიუსმა. - „როდესაც ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო ერთ პრეზიდენტს მეორეზე წინ აყენებს, ეს ფიფასა და მთლიანად ტურნირის რეპუტაციას ლახავს".
„როდესაც ამ ზაფხულს მთელი მსოფლიოს ყურადღება ფიფასკენაა მიპყრობილი, ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს FairSquare-ის ეთიკური საჩივარი", - ნათქვამია წერილში. - „ეს საჩივარი ფიფას აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცოს თავისი ერთგულება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი".
ტრამპს ჯილდო ინფანტინომ 2025 წლის 5 დეკემბერს გადასცა. FairSquare-ის პირველადი საჩივარი სამი დღის შემდეგ შევიდა. საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელმა პრიზის დაწესებამდე ფიფას საბჭო არ გააფრთხილა, კრიტიკოსებმა კი ეს ჯილდო აღიქვეს როგორც ფიფას უფროსის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოების აშკარა მცდელობა.
ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ინფანტინოს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არღვევს ფედერაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ „ფიფა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში".