
წელს თხილის ფასის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი თურქეთში დიდი მოსავლიანობაა. გარდა ამისა, საქართველოშიც კარგ მოსავალს ელიან, რაც ფასზე იმოქმედებს. შარშან თურქული თხილის სიმცირემ გლობალურ ბაზრებზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. შესაბამისად, საქართველოში 1 კგ თხილის ფასი 10 ლარს აღწევდა, რითაც 2010 წლის რეკორდიც კი მოიხსნა. წელს დინამიკა იცვლება და მწარმოებლები დაბალ ფასს და ექსპორტიდან შემოსავლების კლებას ელიან. როგორც წესი, თურქთში მოსავლის ზრდა ქართულ თხილზე მოთხოვნას ამცირებს და რეალურად ახლა ეს მოცემულობა დადგა.
შარშან თხილის საბაზრო ფასი დაახლოებით 30-35%-ით იყო გაზრდილი. თხილის მოსავალი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში შემცირდა, წარმოების კლებამ კი სტაბილური მოთხოვნის ფონზე, ფასი დაახლოებით 1/3-ით გაზარდა.
ამჟამად კი ხელსაყრელი ამინდის გამო, თურქეთში საკმაოდ დიდ მოსავალს ელოდებიან - დაახლოებით 800 ათას ტონას (შარშან 500 ათას ტონამდე იყო). თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ამბობს, რომ საქართველოში კარგი მოლოდინია. წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 10%-ით მაინც გაიზრდება მოსავალ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს ისეთივე მაღალი ფასი შენარჩუნდეს, როგორიც გასულ სეზონზე იყო.
“ნათს ინქორფორეითედის” დირექტორი თორნიკე ლათათიამ კი აღნიშნა, რომ რაოდენობის ზრდასთან ერთად, წელს თხილის ხარისხიც გაუმჯობესებულია როგორ თურქეთში, ასევე საქართველოშიც.
,,წელს თურქეთში საკმაოდ კარგი პროგნოზი აქვთ. მოსალოდნელი რაოდენობა დიდ კომერციულ ბაღებსა და ფერმებში საქართველოშიც საკმაოდ კარგია. რაც შეეხება ხარისხობრივ მხარეს, ვფიქრობ, წელსაც ისეთივე ხარისხი შენარჩუნდება, როგორიც წინა წლებში იყო, რადგან განსაკუთრებულ გაუმჯობესებას არ ველოდებით. შესაბამისად, ხარისხი უცვლელი დარჩება, ხოლო თხილის გულის ფასი, ვფიქრობ, 9-დან 10 დოლარამდე იმერყევებს, რაც საშუალოდ 25-30%-ით ნაკლებია 2025 წლის მოსავლის წინაპერიოდის ფასთან შედარებით", - აღნიშნა "ბიზნეს მედიასთან" ლათათიამ.
გლობალური ტენდენციის გარდა, ქართველ ფერმერებს სხვა გამოწვევასთანაც უწევთ გამკლავება. სერიოზული რისკია ის, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში თხილის ხმობის ფაქტები შეიმჩნევა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება დაწყებულია როგორც დაავადებასთან, ასევე ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით,
კომპანია ,,ჯეო იუესის“ წარმომადგენელმა ლაშა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თხილის რაოდენობა წელს მეტია, თუმცა გამოსავლიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია და ამ მიმართულებით ფერმერებს სერიოზული სამუშაოების გატარება უწევთ, რაც კარგ მოვლასთან და მავნებლებთან ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული.
,,თურქეთში მოსავალი გაიზარდა და საქართველოშიც ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ფასი შემცირდება. თუკი შარშან ამ დროს თხილი 10 ლარამდე ღირდა, წელს 7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თხილის გული 20 ლარი ღირს. იმისთვის, რომ ხარისხობრივი ნიშა გავაუმჯობესოთ, გამოსავლიანობის მაჩვენებელი უნდა გავაზარდოთ. ამ მხრივ გავლენას ახდენს როგორც კლიმატი, ასევე მოვლის პირობები, რაშიც ფერმერების წვლილი დიდია. თუკი წინა წლებში გამოსავლიანობა 25-27%-ს იშვიათად აჭარბებდა, წელს ეს მაჩვენებელი 38-40%-ის დონეზეა. ჩაბარებული მოსავლის დაახლოებით 80% ასეთია, ევროპულ ბაზრებზე სტანდარტი 60-80%-ის ფარგლებშია.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერების მხრიდან სამეურნეო უნარ-ჩვევების შესწავლას, ბევრი მიხვდა ამას და რადიკალურად შეცვალა მიდგომა. წელს, გახშირებული წვიმის გამო, სერიოზული პრობლემაა დაავადება ,,ნაცარი“. ბაქტერია აზიანებს მცენარეს და მასიური სახე თუ მიიღო, საგანგაშო შედეგი იქნება. იმედია, აქამდე არ მივა საქმე და დროულად გატარდება პრევენციული ზომები.
თურქეთში მოსავლიანობა გაიზარდა და ჩვენ უპრობლემოდ რომ შევძლოთ თხილის გაყიდვა, ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელიამ.
დასავლეთ საქართველოში თხილის მარაგი, ფაქტობრივად, აღრ არის. როგორც წალენჯიხელი ფერმერი როლანდ ქებურია ამბობს, ხალხმა მოსავალი თითქმის სრულად გაყიდა და ახალი სეზონისთვის დაიწყო თადარიგი. ვარაუდობენ, რომ საწყისი ფასი 5 ლარი იქნება, რაც ეტაპობრივად მოიმატებს, თუმცა შარშანდელ მაჩვენებელს ვერ გაუტოლდება.
,,2025 წლის სეზონზე ერთბაშად 30-35%-ით გაიზარდა ფასი, წელს ტენდენცია კლებისკენაა. როგორც ამბობენ, თურქეთში დიდი მოსავალია, რაც ფასზე იმოქმედებს. სავარაუდოდ, 2024 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდება, როცა თხილის ფასი 6-7 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ძველი თხილი უკვე გაიაფდა და 8 ლარამდეა, ხარისხის შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიცაა, მაგრამ მარაგი უკვე აღარ დარჩა.
გაყიდვისას რომ პრობლემა არ შეგვექმნას, ხარისხი როგორმე უნდა გავაუმჯობესოთ. წინ მთელი ერთი თვეა და არ ვიცით, ამინდის გავლენაც როგორი იქნება. ამიტომ წინასწარ ვარაუდი მიჭირს, თუ საბოლოოდ როგორ მოსავალს ავიღებთ.
ჩემს შემთხვევაში, გამოსავლიანობა 40%-ია, ეს საქართველოში ერთ-ერთ კარგ შედეგად მიიჩნევა, თუმცა შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ და ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ როლანდ ქებურიამ.
2026 წლიდან სახელმწიფომ „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანიც საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, გააუქმა. თავდაპირველად, პროგრამა ერთწლიანი იყო, თუმცა 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. ყურძნის, ვაშლის და მანდარინისგან განსხვავებით, თხილის ბაღების მფლობელებისთვის სუბსიდია მხოლოდ პესტიციდების შეძენისთვის იყო გამოყოფილი.
თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა, რომ ახალ დაავადებასთან საბრძოლველად ფერმერებს მთავრობის მხარდაჭერა სჭირდებათ.
,,თხილის ხმობა, რომელიც ბაზარზე ახალ პრობლემად გამოჩნდა, საკმაოდ დიდი პრევენციულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სპილენძის პრეპარატებით წამლობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ფერმერებს ხმობის პრევენციაში დაეხმარება, ამას მხოლოდ მივესალმები", - აღნიშნა ქარდავამ.
ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, 2025 წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა.