
ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის, კაია კალასისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყებების დაპირისპირება, შესაძლოა, ევროპის საგარეო სამსახურის გაუქმებით დასრულდეს. ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავენ და თანხმდებიან, რომ პროცესი მარტივად და სწრაფად ვერ გადაწყდება.
„პოლიტიკოს" ცნობით, ევროკავშირი განიხილავს ბლოკის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციისთვის შექმნილი ევროპის საგარეო სამსახურის გაუქმების შესაძლებლობას. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკომისიას შორის საგარეო პოლიტიკის სფეროში უფლებამოსილებების განაწილებასთან დაკავშირებით გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე დადგა დღის წესრიგში.
ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, „როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც სურს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის დაშლა". სხვა ჯგუფები ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ისინი „ისეთი ძლიერები არ არიან".
- „როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც სურს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის დაშლა... სხვები ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ისინი ისეთი ძლიერები არ არიან".
„პოლიტიკოს" ცნობით, 15-წლიანი არსებობის განმავლობაში სააგენტო ბიუჯეტის შემცირების, პერსონალის დეფიციტისა და უფლებამოსილებების შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდა. ამასობაში, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიამ თანდათანობით გაზარდა თავისი გავლენა საგარეო პოლიტიკაზე სავაჭრო, მიგრაციული, სამრეწველო და ტექნოლოგიური პოლიტიკის, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების კონტროლის გზით.
გამოცემის ცნობით, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს, სამსახურის შიდა რეფორმა დაიწყო. მან ახალი ხელმძღვანელობის სტრუქტურა წარმოადგინა და ზაფხულის შემდეგ შემდგომი ცვლილებების შეთავაზებას გეგმავს. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჯერ არ წარმოუდგენიათ რაიმე საჯარო ინიციატივა დიპლომატიური სამსახურის უფლებამოსილებების, ან რესურსების გაფართოების შესახებ.
ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური 2011 წელს შეიქმნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. მისი ხელმძღვანელი ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებს.
ამ თვის დასაწყისში გამოცემამ აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების სამსახური თანდათან კარგავს გავლენას ევროკავშირის მმართველობის სისტემაში. კერძოდ, ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიის მომზადებას პირველად ხელმძღვანელობს არა დიპლომატიური სამსახური, არამედ ევროკომისია ფონ დერ ლაიენის გუნდის ზედამხედველობის ქვეშ.
- როგორც დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, კალასი „ცუდ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა". მას უწევს ბრძოლა არა საგარეო გამოწვევებთან, არამედ ბრიუსელის შიდა ბიუროკრატიულ მანქანასთან, სადაც ფონ დერ ლაიენმა უკვე მოახდინა ძალაუფლების მაქსიმალური ცენტრალიზაცია.
„პოლიტიკოს" ცნობით, ეს ასახავს ევროკომისიაში უფლებამოსილებების ცენტრალიზაციის ტენდენციას.
„ფაინენშალ თაიმსმა" ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია საფრანგეთს, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, კალასის ხელმძღვანელობით დიპლომატიური სამსახურის რეფორმები შესაძლოა მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას მოიცავდეს.
ხუთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, კალასისა და მისი დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის ვარიანტი გულისხმობს მათ დაბრუნებას ევროკომისიისა და ბლოკის წევრი სახელმწიფოებისთვის.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის დანიშვნა ამ პოსტზე დიდ იმედებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, მისი მკაცრი და პრინციპული პოზიციის გამო რუსეთთან მიმართებით. თუმცა, როგორც დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, კალასი „ცუდ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა". მას უწევს ბრძოლა არა საგარეო გამოწვევებთან, არამედ ბრიუსელის შიდა ბიუროკრატიულ მანქანასთან, სადაც ფონ დერ ლაიენმა უკვე მოახდინა ძალაუფლების მაქსიმალური ცენტრალიზაცია.
დასავლეთ ევროპის ლიდერების ნაწილს აქვს შიში, რომ კალასის ფოკუსი ზედმეტადაა გადატანილი მხოლოდ აღმოსავლეთის ფლანგსა და რუსეთის საფრთხეზე, მაშინ, როცა ევროკავშირს გლობალური სამხრეთის, აფრიკისა და ჩინეთის მიმართულებით სჭირდება კომპლექსური მუშაობა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც დიდი ქვეყნები საგარეო სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოებას თავს არიდებენ.
როგორ განვითარდება მოვლენები
ანალიტიკოსები, რომლებიც ბრიუსელის შიდა სამზარეულოს აკვირდებიან, მოვლენების განვითარების რამდენიმე რეალურ სცენარს გამოყოფენ. ისინი თანხმდებიან, რომ პროცესი მარტივად და სწრაფად ვერ გადაწყდება, რადგან ნებისმიერ რადიკალურ ცვლილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი სჭირდება.
ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს იურიდიულად არავინ გააუქმებს, რადგან ეს ევროკავშირის ფუნდამენტური ხელშეკრულებების გადახედვას მოითხოვს, რაც „პოლიტიკური ჯოჯოხეთია". მათი ვერსიით, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდი გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის ბერკეტების ეტაპობრივ მითვისებას. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს დაუტოვებენ მხოლოდ „დეკორატიულ" ფუნქციას - საელჩოების მართვას, შეხვედრების პროტოკოლებსა და განცხადებების წერას. მათი აზრით, რეალური გადაწყვეტილებები (ფინანსები, სანქციები, თავდაცვის ინდუსტრია) საბოლოოდ გადავა კომისიაში. კაია კალასი ფორმალურად იქნება საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაგრამ რეალურად ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მითითებების შემსრულებლად იქცევა.
მეორე ვერსიით, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კალასმა მოახერხოს წევრი ქვეყნების განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მობილიზება. მათი ვარაუდით, კალასი შესთავაზებს მოდელს, სადაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური უფრო მოქნილი და ბიუროკრატიისგან დაცლილი გახდება, რათა დაამტკიცოს თავისი საჭიროება. ის შეეცდება, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავებაში საგარეო სამსახურს წამყვანი როლი დაუბრუნდეს. თუ საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ, შეიქმნება გარკვეული ბალანსი კომისიასა და საგარეო სამსახურს შორის, თუმცა, ფონ დერ ლაიენთან მუდმივი დაძაბულობის ფონზე.
ბოლო ვერსიით კი, მოხდება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სრული დემონტაჟი და ფუნქციების გადანაწილება ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს შორის. მათი აზრით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო დაიბრუნებს სრულ კონტროლს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო ტექნიკური და ფინანსური მხარე კომისიას გადაეცემა. ბლოკი ოფიციალურად აღიარებს, რომ საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ეროვნული დედაქალაქების საქმეა.