
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციონერების კრიტიკის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა. მისი შეფასებით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ზურაბიშვილი ერთადერ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოაცხადა. გარდა ამისა, სააკაშვილი წერს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში „ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი" იყო და ამ მოსაზრების გასამყარებლად კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება ოპოზიციაში ლიდერობისათვის ბრძოლას უკავშირდება. მისი შეფასებით, სააკაშვილი ზურაბიშვილში კონკურენტს ხედავს და ამიტომაც ესხმის თავს.
სააკაშვილი „ფეისბუქში" გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში „სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები".
- სალომე ზურაბიშვილი: „მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის - შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით".
უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების დროს, ზურაბიშვილი მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით.
გარდა ამისა, „სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა" საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები - თურქეთი და აზერბაიჯანი. როგორც სააკაშვილი წერს, მაშინ მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა თურქული მიმართულებიდან ზურაბიშვილის ჩამოშორება და მას ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.
მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების წინ კი, სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ითხოვდა პარლამენტის დაშლას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პრემიერ-მინისტრად მის დანიშვნას.
სააკაშვილის ამ ვრცელ პოსტს წინ უძღვოდა ზურაბიშვილის ინტერვიუ, სადაც მან მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი ფრაზა - „არა და არასდროს". სააკაშვილის ეს ბრალდებები, სავარაუდოდ, ამ ინტერვიუზე მისი რეაქცია იყო.
25 ივნისს, ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ახსნა თავისი უარი ექს-პრეზიდენტის შეწყალებაზე:
„მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა.
„მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის - შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით", - განაცხადა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ, მიუხედავად ამისა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ღირსეულად უნდა ეპყრობოდნენ, თუმცა თავად შეწყალების აქტი მორალური საკითხია, სადაც ის ანგარიშს უწევს ქართველი ხალხის იმ ნაწილის განწყობებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი მძიმედ გამოიარეს.
სააკაშვილის ბრალდებები
სააკაშვილმა გაიხსენა, როგორ შეარჩია ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და წერს იმაზე, როდის გაიყო მათი გზები:
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!"
ვინ არის ეს ქალი? მას ჰქონდა საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა, მეც რევოლუციის შემდეგ გატაცებული ვიყავი იდეით, რომ ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნებს, დაგვებრუნებინა და ხელისუფლებაში გამოგვეყენებინა ჩვენი ემიგრანტები.
„ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ოჯახური წარმომავლობა. ჰყავდა ძალიან კარგი დედა. დღესაც პატივისცემით ვეპყრობი მის ძმას, ოთარ ზურაბიშვილს. სალომეს მეუღლე, ჯანრი კაშია დედაჩემის და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ამიტომ ძალიან მომეწონა აზრი, 2004 წელს, საბჭოთა გადმონაშთი თედო ჯაფარიძის ნაცვლად, მისი საგარეო მინისტრად დანიშვნის.
- მიხეილ სააკაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად, რომ ბოდიშს იხდიდეს, რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო. ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი."
„მაშინ მე გამოვეკიდე ოცნებას. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ, ოცნება მწარე რეალობაში გადაიზარდა. სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია.
„პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები - თურქეთი და აზერბაიჯანი, ისე, რომ მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა გიულმა პირადად მომთხოვა მისი თურქული მიმართულებიდან ჩამოშორება და მას იმ პერიოდში ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.
„სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა - ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო. მე ამაზე გამეცინა. მოკლედ, მაშინ ესე დავშორდით.
„ეგრევე გადაეშვა ოპოზიციურ საქმიანობაში. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპოზიცია, არამედ ნამდვილი ანტი-სახელმწიფოებრივი მავნებლური საქმიანობა.
„2007 წელს რუსულმა „სუ-24" ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი „ბუკ-1მ" ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.
„2008 წლის შემდეგ, მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე „მძინარე ცხინვალი" და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი „La tragédie géorgienne", რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.
„ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის - რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე - და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.
„2018 წლის არჩევნები უხეშად გაყალბდა, ძალადობით, მოსყიდვით მათ შორის, დიახ, სალომეს გაპრეზიდენტებას პირდაპირ შეეწირა ზუგდიდელი სკოლის დირექტორი, უკეთილშობილესი ია კერზაია, რომელიც სალომეს სახელით დააშანტაჟეს, ატერორეს და მისმა გულმა ამას ვერ გაუძლო.
„პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი საკითხით - ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ, რომლის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ის ძალიან შორს გააგზავნა და როცა ომის დაწყების შემდეგ სალომემ რამდენჯერმე სცადა კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან სურათის გადაღება, ზელენსკის ადმინისტრაციის პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე - „ჩვენ მას პიარის კეთების საშუალებას არ მივცემთ და მაინც თუ უნდა ჩამოსვლა, ჯერ გაუშვას სააკაშვილი".
- პაატა ზაქარეიშვილი: „ოპოზიციონერები ზურაბიშვილში არა ქარიზმატულ ფიგურას, არამედ სიმბოლოს ეძებენ. სააკაშვილს არ ესმის, რომ ამით პირიქით, ზურაბიშვილს აძლიერებს, რადგან, ვისაც სააკაშვილი არ მოსწონს, იმისკენ გადაიხრება, ვისაც ის აკრიტიკებს."
„მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელე-ეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ „დანაშაულებზე" - ასაბუთებდა, თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.
„უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს. მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება იმიტომ, რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი „პრეზიდენტი" თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.
„სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად, რომ ბოდიშს იხდიდეს, რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო. ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით", - წერს სააკაშვილი.
რატომ მაინც და მაინც ახლა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ზურაბიშვილში კონკურენტს ხედავს და სწორედ ამიტომ დაიწყო მისი კრიტიკა.
„სააკაშვილმა ზურაბიშვილის კრიტიკა მაინც და მაინც ახლა იმიტომ დაიწყო, რომ ენმ-ს გაუჭირდა და სააკაშვილი ინსტიქტურად მოქმედებს. გარკვეულწილად, ის ზურაბიშვილში კონკურენტს ხედავს. ასე თუ ისე, ზურაბიშვილი პოპულალურია, ქარიზმატულია, განათლებულია, ევროპული იმიჯი აქვს და იქ გავლენებიც აკავშირებს. ასევე შესაძლოა ბევრ პოზოციებში სააკაშვილის სეგმენტში ჯდება. ამიტომ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი დისკრედიტაციით ზურაბიშვილს შეასუსტებს. თუ ის აკრიტიკებს, შესაძლოა მისი პოტენციური მომხრეები ზურაბიშვილს განუდგნენ და მაღალი შანსია, რომ ისინი სააკაშვილთან წავიდნენ.
„ვისაც ზურაბიშვილი მოსწონს, მას ქარიზმატული ფიგურაც მოსწონს. „ნაციონალური მოძრაობისგან" რაც დარჩა, სააკაშვილია - ამ პარტიის ამომრჩევლები, მის გამო აძლევენ ხმას. ეს ორი პერსონა ერთმანეთს რაღაცით გვანან. ამიტომ სააკაშვილი ქარიზმატულ ფიგურას ურტყამს, რადგან ასეთ პერსონაზე ორიენტირებული ამომრჩეველი ასეთივესთან, ანუ მასთან გადაიყვანოს. მის განცხადებას წმინდა ინსტიქტური, ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, თუმცა ეს სინამდვილესთან კავშირში არაა, რადგან ზურაბიშვილი ვერაფერსაც ვერ წყვეტს.
„ალბათ, ოპოზიციის ლიდერობისთვისაც იქნება ბრძოლა, მაგრამ ეს ლიდერები უფრო კონსრუქციულები და რაციონალურები არიან. ისინი ზურაბიშვილში არა ქარიზმატულ ფიგურას, არამედ სიმბოლოს ეძებენ. სააკაშვილს არ ესმის, რომ ამით პირიქით, ზურაბიშვილს აძლიერებს, რადგან, ვისაც სააკაშვილი არ მოსწონს, იმისკენ გადაიხრება, ვისაც ის აკრიტიკებს. ოპოზიციურ ფლანგზე არიან რაციონალური ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ზურაბიშვილი სიმბოლოს გარდა არაფერია. მისი გამოყენება როგორც დროშა, ისე შეიძლება. ჩვენ არ გვიჭირდება ქარიზმატული ლიდერები, გვინდა იდეოლოგიური და ამომრჩეველზე ორიენტირებული პარტიები, თუ ლიდერები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".