
თუკი ამ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ მათ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, ამიტომ მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდარღვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც გამჭვირვალობის რეესტრში არ რეგისტრირდებიან და ამასთან, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.
პაპუაშვილის თქმით, მათი უფლებაა მიმართონ სასამართლოს, თუმცა შემდეგ მათ გადაწყვეტილებასაც უნდა დაემორჩილონ.
„მათი უფლებაა მიმართონ სასამართლოს. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სტრასბურგსაც მიმართა. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს, რასაც არ აკეთებენ ეს ორგანიზაციები. კერძოდ, მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოს არ შეუჩერებია კანონის მოქმედება, ამიტომ თუკი მათ აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამიტომ მიმართავენ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. არც სტრასბურგმა, არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერეს კანონის მოქმედება განხილვის პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, ამიტომ მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდარღვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები კანონს არღვევენ იმით, რომ არ რეგისტრირდებიან „გამჭვირვალობის რეესტრში“ და მათ ახალისებენ მათი დონორები, ფულს კი არ აჩერებენ ამის გამო, რომ კანონდარღვევები არიან, არამედ პირიქით, ფულს უმატებენ კიდევ იქით, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონის დარღვევას და ესეც, რა თქმა უნდა, ცალკე აღმაშფოთებელია ფაქტია დონორების მხრიდან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.