
ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას და დაყოფას, - განაცხადა „იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გასულ კვირაში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერი და მოწოდება ევროკომისიის მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო წვდომა ევროკავშირთან, სწორედ ამას ნიშნავს.
„კეთდება არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ნაბიჯები იდგმება, ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია პირდაპირ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისკენ და ეს ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის", - განაცხადა ვიცე პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზეც ისაუბრა, რომლებმაც გასულ კვირაშივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ასამბლეის დარბაზში უჭერდნენ მხარს.
„ეს არის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს იყო ამის დემონსტრაცია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, მთელი დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმა და ყველა ის დებულება, რაც მასშია მოცემული, რეალურად არის ამ ხალხის მიერ დაწერილი, მიწოდებული და რეალურად ისინი თანამონაწილეები არიან იმ თავდასხმისა, რომელიც ხორციელდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს არმიწვევა კი საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, იმის ნიშანია, რომ გაფართოებას სერიოზულად არ აღიქვამენ.
„როდესაც შენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ეპატიჟები გაფართოების შეხვედრაზე, ესე იგი, შენ სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამ გაფართოებას, არ აღიქვამ და არც მოელი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ამ პოლიტიკის. ეს არის ეს გზავნილი, ყველანაირად წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ვითომ მხარდაჭერასთან, რომელზეც გვესმის ხოლმე. საკუთარ პოზიციებთანვე და საკუთარ რეპუტაციას აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.