
უკრაინის კონფლიქტისადმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომა „დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამაზე უკვე მოსკოვშიც საუბრობენ და დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას. დასავლური მედია კი უფრო კონკრეტულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას - აშშ აღარ ეთანხმება კრემლის მოთხოვნას, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკი ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.
უფრო კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ ტრამპი შესაძლოა დისტანცირდეს ე.წ. „ანკორიჯის შეთანხმებისგან". ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ გასული წლის აგვისტოში ალასკის ქალაქ ანკორიჯში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და მხარეებმა უბრალოდ მოსაზრებები გაცვალეს, თუმცა მოსკოვში საპირისპიროს ამტკიცებენ.
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები მხოლოდ დიპლომატიურ უთანხმოებას არ ასახავს. მათი აზრით, რუსეთის ბოლო რიტორიკა მიუთითებს კრემლის მზარდ უკმაყოფილებასა და ნერვიულობაზე, რაც უკავშირდება როგორც ფრონტზე არსებულ ვითარებას, ისე უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში გახშირებულ დარტყმებსა და ეკონომიკური ზეწოლის ზრდას. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მოსკოვი ცდილობს ვაშინგტონი კვლავ აქტიურ შუამავლად აქციოს და ომის დასრულების საკითხი საკუთარი პირობებით დააბრუნოს მოლაპარაკებების დღის წესრიგში, რისთვისაც სიტუაციის ესკალაციას შეეცდება.
აშშ-სა რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი 2025 წლის 15 აგვისტოს ალასკის შტატში, ქალაქ ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი სადილი გაუქმდა და პუტინმა და ტრამპმა დაუყოვნებლივ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია, რათა მოკლედ შეეჯამებინათ შედეგები. ლიდერებმა მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასეს, თუმცა კონკრეტული შეთანხმების შესახებ არ გამოუცხადებიათ. დასავლური მედიის ცნობითაც, შეხვედრა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებისა და კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
მხარეთა პოზიციები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის" სამიტზე მიანიშნა, რომ შესაძლოა „ანკორიჯის შეთანხმება" გააუქმოს, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონმა მიიღო მოსკოვის მოთხოვნა, რომ მთელი დონბასი რუსეთის კონტროლქვეშ გადასულიყო - ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი" წერს „დიდი შვიდეულის" სამიტზე დამსწრე ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
„ტრამპი იმ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, რაც პუტინთანაა დაკავშირებული და რუსეთის ზეწოლაზე საუბრობდა, თუმცა, სხვა ლიდერებს არ სჯერათ, რომ ის რეალურად რამეს გააკეთებს", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „აქსიოსთან" ანონიმურობის დაცვის პირობით.
- მარკო რუბიო: „აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე განიხილებოდა წინადადებები, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ალასკაში რუსეთსა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტზე შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული, თუმცა „იყო წინადადებები".
„ჩვენ მზად ვართ წინ წავიწიოთ და კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ, თუ შესაძლებლობა გვექნება, რათა მხარეები შევახვედროთ და ეს ომი დავასრულოთ, რასაც პრეზიდენტი წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა", - განაცხადა რუბიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალასკაში რაიმე შეთანხმებისთვის რომ მიეღწიათ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უკვე შეწყვეტილი იქნებოდა.
24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანკორიჯში რუსეთის მხრიდან „უკვე მიღწეული იყო კომპრომისი", მაგრამ ახლა მოსკოვს „დამატებით რამდენიმე დათმობას" სთხოვენ. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „დათმობებზე არ მიდის", არამედ „მოლაპარაკებებს აწარმოებს" - თუ როგორ დასრულდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს „ყველა სხვა საკითხის მოგვარება მოლაპარაკებების მაგიდასთან".
ამ თემაზე მან დამატებით ისაუბრა 26 ივნისსაც და რუბიოს განცხადებაც გააკრიტიკა.
- სერგეი ლავროვი: „როდესაც ჩემი კოლეგა მარკო რუბიო ამბობს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, ეს კითხვებს მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ შეთანხმებაში."
„როდესაც ჩემი კოლეგა მარკო რუბიო ამბობს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, ეს კითხვებს მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ შეთანხმებაში. თუ ერთი მხარე, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები, მაგიდაზე აყენებს თავის წინადადებებს კრიზისის მოგვარების შესახებ, ხოლო მეორე მხარე გამოთქვამს თანხმობას ამ წინადადებებზე, მაშინ იმის თქმა, რომ შეთანხმება არ ყოფილა, ლამაზად არ გამოიყურება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა მედიის კითხვის საპასუხოდ.
რა დგას დიპლომატიური უთანხმოების მიღმა
„როიტერსი" წერს, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ღიად დაადანაშაულა აშშ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში, „რაც მოსკოვში მზარდი იმედგაცრუების მანიშნებელია".
„სამი დღის განმავლობაში, სამმა მაღალჩინოსანმა რუსმა ოფიციალურმა პირმა დეტალების დაუზუსტებლად განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პირობა არ შეასრულა. მათი კომენტარები მოჰყვა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დრონებით განხორციელებული თავდასხმების ინტენსიფიკაციას - მათ შორის გასულ კვირას მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ორი თავდასხმას და „დიდი შვიდეულის" სამიტს, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს და სხვა დასავლელ ლიდერებს განუცხადა, რომ კიევი ომის მიმდინარეობას ცვლიდა.
„მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასულ წელს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობა დაიწყო, ზოგჯერ პუტინს აკრიტიკებდა, მაგრამ უფრო ხშირად ზელენსკის ადანაშაულებდა შეთანხმების მიღწევის ჩავარდნაში, კრემლმა კი არაერთხელ გამოხატა მადლიერება მისი ძალისხმევისთვის", - აღნიშნავს „როიტერსი".
რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე კონფლიქტებზე მომუშავე ცნობილი ექსპერტის გერჰარდ მანგოტის თქმით, „ეს ცვლილება ასახავს მოსკოვის ნერვიულობას, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მდგომარეობის უკიდურესად მძიმე ვითარებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები მნიშვნელოვნად გააძლიერა".
მისი შეფასებით, მოსკოვო მიიჩნევს, რომ უკრაინის ამ ოპერაციებს შეერთებული შტატებიც უწევს დახმარებას.
„პუტინს ახლა სჭირდება ისეთი საპასუხო ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც მოსახლეობა დაინახავს და რომლითაც აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მოქმედების რესურსი და სათამაშო კარტები", - განაცხადა მანგოტმა.
მისი პროგნოზით, ამას მოჰყვება სამხედრო ესკალაციის კიდევ უფრო გაძლიერება და რუსეთის მცდელობა, ტრამპი კვლავ საკუთარ მხარეს გადაიბიროს.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლეგ იგნატოვი რომლის კვლევებიც ფოკუსირებულია რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებსა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, ამბობს, რომ „რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევის არარსებობით თებერვლიდან, როდესაც ტრამპმა ისრაელთან ერთად ომი დაიწყო ირანის წინააღმდეგ და ვაშინგტონის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანა".
მისი თქმით, რუსეთი მუდმივად გამორიცხავს ევროპული მთავრობების შუამავლობის შესაძლებლობას, რომლებმაც „თითქმის არ მისცეს ნიშანი იმისა, რომ კიევს მნიშვნელოვანი დათმობებისკენ წაახალისებენ". ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს სურს, რომ აშშ-ის მხარემ განაახლოს დიპლომატია, რათა დაეხმაროს რუსეთს ომის დასრულებაში საკუთარი პირობებით.
„არ არსებობს სტრუქტურირებული დიპლომატიური პროცესი, არ არსებობს შეთანხმება მაგიდაზე, სინამდვილეში საერთოდ არაფერია... რუსები ძალიან იმედგაცრუებული არიან ამით და მათ ნამდვილად სურთ, რომ ამერიკელები ჩაერთონ", - განაცხადა იგნატოვმა.