ნატალია ჯვარიძე
28.06.2026

დუბროვნიკის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევისათვის გაერთიანების სხვა წევრების მხარდაჭერის მოპოვებაა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს-დასავლეთის ურთიერთობა მკვეთრადაა გაუარესებული, ხოლო ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად.

„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში, დაკავშირებადების კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან", - განაცხადა მინისტრმა ხორვატიაში გამგზავრების წინ.

მისივე თქმით, საქართველოს სურს მომავალი წლიდან გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა და მიზნის მისაღწევად საჭიროა მუშაობა გაერთიანების წევრ ყველა სახელმწიფოსთან.

„იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა", - საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

როგორ ირჩევა თავმჯდომარე ქვეყანა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევა საკმაოდ სპეციფიკური პროცესია. აქ არ ტარდება ტრადიციული ფარული თუ ღია კენჭისყრა, სადაც ხმების უმრავლესობით წყდება საკითხი. პროცესი ეფუძნება ეუთოს მთავარ პრინციპს - კონსენსუსს. გადაწყვეტილებას იღებს ეუთოს უმაღლესი ორგანოს მინისტრთა საბჭო, ან სამიტი. იმისათვის, რომ ქვეყანა თავმჯდომარედ დამტკიცდეს, საჭიროა ორგანიზაციის ყველა 57-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა.

ვინაიდან გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ნებისმიერ ერთ ქვეყანასაც კი აქვს უფლება, დაბლოკოს კანდიდატი, თუ მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოა. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსეთი ბლოკავს დასავლური ქვეყნების კანდიდატურებს, ან პირიქით.

  • ეუთოს თავმჯდომარედ არჩეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკსა და ხშირი ვიზიტებთან ერთად, სერიოზული პოლიტიკური ბერკეტებიც ექნება.

ოფიციალურად, ეუთოს წესდებაში არ არსებობს რაიმე გაწერილი კრიტერიუმები თავმჯდომარეობის მსურველი ქვეყნისთვის. თეორიულად, ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს აქვს უფლება გახდეს თავმჯდომარე. თუმცა, პრაქტიკაში ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი არაფორმალური, მაგრამ გადამწყვეტი პირობები: ქვეყანას უნდა ჰქონდეს უნარი, იმოქმედოს როგორც „მიუკერძოებელმა მედიატორმა" და მართოს კრიზისები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

გარდა ამისა, თავმჯდომარეობა დიდ ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. არჩეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ხშირი ვიზიტები ექნება.

ასევე, კანდიდატმა ქვეყანამ უნდა აჩვენოს ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების (ჰელსინკის დასკვნითი აქტი, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები) პატივისცემა. თუ ქვეყანას ავტორიტარიზმში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ, მისი კანდიდატურა ხშირად დიდ წინააღმდეგობას აწყდება.

უპირატესობები

ამ ყველაფერთან ერთად, ეუთოს თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის უზარმაზარ პოლიტიკურ ბერკეტებსა და შესაძლებლობებს იძლევა. რიგით წევრ ქვეყანასთან შედარებით, თავმჯდომარეს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილებები, რომლებიც მას ორგანიზაციის დღის წესრიგის მთავარ განმსაზღვრელად აქცევს.

თავმჯდომარე ქვეყანა ირჩევს, თუ რა საკითხებზე გაკეთდება აქცენტი მისი მანდატის განმავლობაში. მას შეუძლია წინა პლანზე წამოსწიოს მისთვის რეგიონულად ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონფლიქტები და თემები, მაგალითად კიბერუსაფრთხოება, კონკრეტული გაყინული კონფლიქტები, მიგრაცია და ა.შ.

ამასთან, თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ის გამოდის ორგანიზაციის სახელით, აწარმოებს მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე და ხდება მთავარი მედიატორი კრიზისების დროს. ეს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს მკვეთრად ზრდის.

ასევე, მოქმედ თავმჯდომარეს აქვს უფლება, დანიშნოს თავისი სპეციალური და პირადი წარმომადგენლები კონკრეტულ რეგიონებში ან კონფლიქტურ ზონებში. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, პროცესებში თავისი სანდო დიპლომატები ჩართოს. კრიზისის ან შეიარაღებული ესკალაციის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასწრაფოდ მოიწვიოს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა ვენაში რეაგირების მოსახდენად.

რა შანსი აქვს საქართველოს

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ეეჭვება, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, საქართველოს თავმჯდომარეობას ეუთოს ყველა წევრი დათანხმდეს.

„გახდება თუ არა საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოიპოვებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. შანსებზე საუბარი გამიჭირდება იქიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებაც არის საქართველოს მიმართ თავად ეუთოში. თუნდაც ის რეზოლუციები, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც კრიტიკით სავსე იყო. ასევე მოსკოვის მექანიზმიც აამოქმედეს, რაც იშვიათ შემთხვევებში ხდება.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „მცდელობა ცუდი არაა. იმის ცოდნას მაინც მოგვცემს, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ".

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს. კი, ფორმალურად თითქოს იქ თანასწორები არიან, მაგრამ ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არის მთავარი, მეორე და მესამე ვიოლინო, ყველამ კარგად ვიცით. თუ საქართველო ასეთი მიზნის განხორციელებას აპირებს, ვფიქრობ, რთულ საქმეს შეეჭიდა.

„ვინ შეიძლება შეეწინააღმდეგოს, კონკრეტულად ქვეყნების დასახელებას არ მგონია აზრი ჰქონდეს. როგორც ვთქვი, იქ არიან სახელმწიფოები, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ, თუნდაც გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რთული ამოცანაა. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ცუდი არაა. იმის ცოდნას მაინც მოგვცემს, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ვიღაც მხარს დაგვიჭერს და ვიღაც - არა.

„ეს „ოცნებას" კი არა, საქართველოს სჭირდება. მის ადგილას სხვა ხელისუფალი რომ ყოფილიყო, ალბათ ისიც იგივეს გააკეთებდა. შეიძლება „ოცნების" ინტერესებში იყოს, როგორც სახელისუფლებო პარტიის, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია „ქართული ოცნების" მომავალ პოლიტიკაზე.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა პირობებს დადებს მაკა ბოჭორიშვილი და საერთოდ, როგორი იქნება „ქართული ოცნების" მომავალი პოლიტიკა."

„მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა პირობებს დადებს მაკა ბოჭორიშვილი და საერთოდ, როგორი იქნება „ქართული ოცნების" მომავალი პოლიტიკა. თუ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დალაგდება, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წავა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ვეჭვობ, „ოცნებამ" მოახერხოს თავმჯდომარეობის მოპოვება.

„რა თქმა უნდა, ეუთოს მიერ ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ ცუდად იმოქმედებს. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია პოლიტიკის ცვლილება. სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხდება, რასაც „ოცნება" გეგმავს.

„ეს არის პროცედურული საკითხი, ეუთოს ლიდერები რიგ-რიგობით ხდებიან. ჩვენმა რიგმა მოგვიწია და წესით, საქართველო თავმჯდომარე უნდა გახდეს, მაგრამ ამ პირობებში რამდენად მოხდება, ესაა მთავარი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×