რეზონანსი
27.06.2026

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან.

არჩილ გორდულაძის თქმით, კარგია, რომ აღნიშნული შეხვედრა იმართება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას წინ უძღოდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება.

„ძალიან კარგი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება. ძალიან კარგია, მშვენიერია. რაც შეეხება პატიმრობას, მე არ მინდა, რომ ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული. მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები.

ჩვენი მიდგომა რა უნდა უნდა იყოს ადამიანების მიმართ, რომ ადამიანის უფლებები განუხრელად უნდა იყოს დაცული, მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს სასამართლოში და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიზებაც არ უნდა მოხდეს ამ საქმისა, თუ არ დააკმაყოფილებს საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება, თავისი უფლების დარღვევაზე იდავოს სტრასბურგის სასამართლოში. ასეთ შემთხვევებში, ყველა ასეთ პოლიტიზებულ საქმეზე, ათით ნულს იგებს საქართველო მიუხედავად იმისა, ე.წ. ელჩები, პოლიტიკოსები თუ სხვა ევრობიუროკრატები რა განცხადებებს გააკეთებენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას თემას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო. მან კიდევ ერთხელ მიმართა მაკა იოსელიანს, რომ მზად არის, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შეხვდეს მას და გაცვალონ პოზიციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×