
რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი გამოფიტვითი ხასიათია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. ის მიიჩნევს, რომ ორივე მხარე ცდილობს არა მხოლოდ ფრონტზე უპირატესობის მოპოვებას, არამედ მოწინააღმდეგის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსების თანდათანობით გამოფიტვას.
„ასეთ ომებში გამარჯვებას იშვიათად წყვეტს ერთი გადამწყვეტი ბრძოლა; საბოლოო შედეგი უფრო ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შეძლებს უფრო დიდხანს შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა და ვინ უფრო სწრაფად ამოწურავს მოწინააღმდეგის რესურსებს. ამიტომ იყო და დღესაც არის დიდწილად მცდარი პროგნოზები ამ ომის სწრაფად ან კონკრეტულ ვადებში დასრულებზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ნიშანდობლივია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის, 2026 წლის 26 ივნისს The Times-თან მიცემული ინტერვიუ. მისი განცხადება გაცილებით მეტია, ვიდრე მიმდინარე სამხედრო ვითარების შეფასება. ეს არის სტრატეგიული ხედვა, რომელიც ასახავს როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენას ომის განვითარების ლოგიკაზე.
სირსკის გზავნილის მთავარი არსი ისაა, რომ ომის გარდამტეხი მომენტი ჯერ არ დამდგარა. მისი შეფასებით, კრემლი კვლავ ინარჩუნებს რესურსების მნიშვნელოვან რეზერვს და ცდილობს სამხედრო, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალის მაქსიმალურ მობილიზებას. ამ ლოგიკის მიხედვით, კრიტიკული ეტაპი მაშინ დადგება, როდესაც რუსეთის მიერ მობილიზებული ყველა რესურსი თანდათან ამოწურვის ზღვარს მიუახლოვდება და მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა სულ უფრო რთული გახდება“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
მისი თქმით, ეს მიდგომა სამხედრო თეორიაში „გამოფიტვის ომის“ სახელით არის ცნობილი, რომლის მთავარი მიზანია მოწინააღმდეგის მიყვანა იმ წერტილამდე, სადაც შემდგომი ბრძოლის უნარი მნიშვნელოვნად სუსტდება ან იშლება.
„ასეთი სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტებია მუდმივი დანაკარგების მიყენება ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაზე, ლოჯისტიკური ჯაჭვების დაზიანება, საწვავისა და საბრძოლო მასალების დეფიციტის შექმნა, ეკონომიკური და ინდუსტრიული პოტენციალის შესუსტება, ასევე ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა, რაც დროთა განმავლობაში საზოგადოებრივ დაღლილობასა და მობილიზაციის პრობლემებს იწვევს.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე გამოფიტვითი ომი მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ წყდება. ის ერთდროულად მიმდინარეობს სამხედრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სივრცეებში, სადაც საბოლოო გამარჯვებას ხშირად არა ტერიტორიების დროებითი დაკავება, არამედ რესურსების, გამძლეობისა და დროის ფაქტორი განსაზღვრავს. გამოფიტვითი ომი მნიშვნელოვნად განსხვავდება მანევრული ომისგან, სადაც აქცენტი კეთდება სწრაფ შეტევებზე, ფრონტის გარღვევაზე და მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევაზე. თუ მანევრული ომის ლოგიკა სისწრაფეა, ატრიციული ომის ლოგიკა გამძლეობაა...
დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ლოგიკით ვითარდება. ფრონტზე მოწინააღმდეგის გამოფიტვა, ფრონტის ზონებში და მოწინააღმდეგის ტერიტორიებზე სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დაზიანება და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ქმნის იმ სტრატეგიულ ჩარჩოს, რომელსაც თანამედროვე სამხედრო თეორია გამოფიტვით ომს უწოდებს. საბოლოო შედეგს კი არა ერთი ბრძოლა, არამედ დრო, მხარეთა რესურსები, ეკონომიკა და პოლიტიკური გამძლეობა განსაზღვრავს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.