
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე ხელჩართული ჩხუბით დასრულდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს ისტორიაში. 26 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდა. ჩხუბი მისი გამოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტრიბუნასთან პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე იდგა.
ოპოზიციის ინფორმაციით, დაპირისპირების ინიციატორი იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ხელაძე, რომელმაც პირველმა დაარტყა ხელი პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელ გიგა ფარულავას. ამის შემდეგ დარბაზში დაპირისპირების რამდენიმე კერა გაჩნდა.
ჩხუბი რამდემიმე წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც რამდენიმე დეპუტატმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო - როგორც ოპოზიციის, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა.
„ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდს მმართველი პარტიის წევრების შეურაცხყოფა და პროვოცირება ჰქონდათ დავალებული. პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატები კი მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
დაპირისპირების დეტალები
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარტია გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძეს მიმართა. მან გაიხსენა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის კადრები და პრემიერს უთხრა, რომ ის „კუთხეში იდგა", რაც მისი თქმით, კარგად აჩვენებდა მის რეალურ როლსა და ადგილს ამ ხელისუფლებაში.
ამ განცხადებას დარბაზიდან მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან ყვირილი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რასაც შარაშიძემ მოკლე რეპლიკით უპასუხა: „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ"...
- ირაკლი კობახიძე: „ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ."
ინციდენტის ჩანაწერში ჩანს, რომ შარაშიძემ სიტყვას გააგრძელა, თუმცა ხმაური უფრო ხმამაღალი გახდა, რა დროსაც შარაშიძე ტრიბუნას ტოვებს და სიტყვებით „რას კადრულობთ" დარბაზისკენ გადაადგილდება.
კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის თანაგუნდელს, გიგა ფარულავას ხმამაღლა და ემოციურად ესაუბრებიან მის უკანა რიგში მსხდომი „ოცნების" დეპუტატები. მალევე კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება.
ჩხუბში მმართველი პარტიის მხრიდან ათობით დეპუტატი მონაწილეობდა, მათ შორის სპორტსმენები ლაშა ტალახაზე და გენო პეტრიაშვილი. შეხლა-შემოხლის დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე პირველი იყო, ვინც გახარიას პარტიის წარმომადგენელს, რომელიც დარბაზის კუთხეში მომწყვდეული ჰყავდათ, სიმაღლიდან თავში ჩაარტყა.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მანდატურები და გაშველება სცადეს, თუმცა, ჩხუბის მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, თავიდან ძალიან გაუჭირდათ.
გაშველებას ასევე ცდილობდნენ დეპუტატთა ნაწილიც - როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
მომხდარის გამო პირდაპირი ეთერი დროებით გათიშა და სხდომა შეჩერდა.
მოგვიანებით სხდომა განახლდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ პარლამენტში ვითარება ისევ საკმაოდ დაძაბული იყო.
„ოცნების" ვერსია
პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არგუმენტები არ ჰქონდათ და ამიტომ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ.
„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე - კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით. ეს მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად",- განაცხადა კობახიძემ.
- შალვა პაპუაშვილი: „მიუხედავად კოლეგიალური დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ, უკადრებელი იკადრა."
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩხუბის პოვოცირებაში ოპოზიციის „ერთ-ერთი წარმომადგენელი" დაადანაშაულა, თუმცა, არ დააკონკრეტა ვის გულისხმობდა.
„მიუხედავად კოლეგიალური დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ, უკადრებელი იკადრა. ეს არ უნდა განმეორდეს ამ დარბაზში, ასეთი სახის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ფრაქცია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებს მმართველი გუნდის წევრების შეურაცხყოფა დავალებული ჰქონდათ.
„დავალებული ჰქონდა გიორგი გახარიას, რომ მის ქვეშევრდომებს უნდა მიეყენებინათ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მძიმე პირადი შეურაცხყოფები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რაშიც გადაიზარდა. ის გეგმა, რაც გიორგი გახარიას ჰქონდა, სამწუხაროა, რომ განახორციელა, რადგან თავიდანვე ჰქონდათ ასეთი შეურაცხყოფები. შეურაცხყოფები არ იყო ერთჯერადი, სადამდეც შევძელით მოვითმინეთ", - თქვა მაჭავარიანმა.
ოპოზიციის ვერსია
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ. მისი თქმით, დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.
„ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ძალაუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ", - აცხადებს გახარია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელ პირებს როგორც პროფესიული, ისე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
- ბერდია სიჭინავა: „ამ ხნის განმავლობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების" და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი".
„დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი „ქოცური" „ზონდერული" დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავლობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების" და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ", - თქვა სიჭინავამ.
„გახარია - საქართველოსთვის" კიდევ ერთი დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ადასტურებს, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების" მოძალადეობრივი რეჟიმია.
„მათი არაკომპეტენტური პრემიერი მობრძანდა საქართველოს პარლამენტში. ვერცერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ისევ ჩვეული დემაგოგიით სცადა გასულიყო ფონს. ბოლოს, მისი ანგარიშის შეფასებისას, გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს ატეხეს აგრესიული ქმედებები და შეძახილები. მთელი დღე მიმდინარეობდა ეს შეძახილები, სხვანაირად ვერ გასცემდნენ პასუხებს, ვერცერთ კრიტიკულ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არ არის ჩასული და დაუფარავი ანექსიური პროცესების შესახებ დუმილს არჩევს, მოძალადეობრივი რეჟიმია და ყველამ კარგად დაინახა, როგორ ძალადობდნენ, როგორ მოგვაქციეს ალყაში", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
- ვიკა ფილფანი: „დეპუტატ ირაკლი ხელაძეს, რომელსაც 9 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ აქვს ხმა ამოღებული, ბრძანება მიუვიდა, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას. მან დაუძახა გიგა ფარულავას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგამ თავი დაიცვა და ვაჟკაცური პასუხი გასცა, ამის შემდეგ ირაკლი ხელაძემ დაარტყა."
„გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატი ვიკა ფილფანი კი იხსენებს, როგორ დაიწყო ჩხუბი.
„ირაკლი კობახიძემ ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ანგარიშიც არ ყოფილა ანგარიში, რადგან ეს იყო პიარული დოკუმენტი, რომელიც არ ასახავდა საქართველოს რეალობას. „ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობდნენ სიტყვით დაეცვათ ირაკლი კობახიძე და სიტყვით გადაეფარათ ის უსუსურობა, რასაც ირაკლი კობახიძე ავლენდა. თუმცა, ბოლოს, როდესაც სრულდებოდა სესია, დარბაზშიც იგრძნობოდა, რომ ვერ შეძლეს ირაკლი კობახიძის უსუსურობის გადაფარვა. ამიტომ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს, რომელსაც 9 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ აქვს ხმა ამოღებული, ბრძანება მიუვიდა, რომ თავს დასხმოდა გიგა ფარულავას. მან დაუძახა გიგა ფარულავას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგამ თავი დაიცვა და ვაჟკაცური პასუხი გასცა, ამის შემდეგ ირაკლი ხელაძემ დაარტყა. ხელაძეს უკნიდან გადასძახა ირაკლი კირცხალიამ, იგრძნობოდა ფუსფუსი, მოლაპარაკება ჰქონდათ და ამას ამზადებდნენ", - განაცხადა ფილფანმა.