რეზონანსი
26.06.2026

ციხეში მყოფი ლიდერის ინტერესების გასატარებლად ყველაფერზე მიდის, სააკაშვილს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეზე მაღლაც აყენებს, თუმცა ლაშა ფარულავა მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს გუნდში ვერავინ იღებს. შიდაპარტიული დემოკრატიის დასამტკიცებლად, „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალური არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა არაფორმალურმა მმართველმა არჩევანი დიდი ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანზე გააკეთა. მომავალმა თავმჯდომარემ კი, პარტიის მართვის სადავეები ხელში უკვე აიღო და იმ ალიანსიდან გამოსვლა დააანონსა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი თვეა აღარ ირიცხება.

ერთიანობადაკარგული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ვერც იმაზე თანხმდება, უნდა დარჩეს თუ არა უკვე დაშლილ ალიანსში. თუმცა ეს საკითხი ერთ-ერთია და არა ერთადერთი, რამაც სააკაშვილის გუნდში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. ჟორჟოლიანის შიდაპარტიული რევოლუციის გზა ძველების ახლებით ჩანაცვლებაზე გადის, ვეტერანი „ნაციონალები“ კი, როგორც ჩანს, უკანა ფლანგზე გადასვლას ჯერ არ აპირებენ.

გაუსაძლისი სიტუაცია ე.წ. ალიანსში თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. შეთანხმების წესების უგულებელყოფით სააკაშვილის გუნდი რვა პარტიას დაუპირისპირდა და ოპოზიციური ერთობის მიღმაც აღმოჩნდა.

ის, რაც დღეს ოპოზიციურ ველზე ხდება, მმართველი გუნდისთვის ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა პოლიტიკური ძალა და რესურსი, ხალხის ნდობასთან ერთად დაკარგეს. დიდი ხნის წინ დაწყებული პოლიტიკური დრამის ფინალი კი, „ქართული ოცნების“ თქმით, ოპოზიციის საბოლოო მარცხია.

საერთო პლატფორმა ვერ შექმნეს, ვერც ერთიანობის შენარჩუნება შეძლეს. ოპოზიციაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ლუსტრაცია კი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელშიც შიდაპარტიული დაპირისპირება დღითდღე იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×