რეზონანსი
26.06.2026

ლისის ტბაზე 23 წლის ბიჭმა ღამის 11 საათზე ტბაში დასახრჩობად განწირული ახალგაზრდა გადაარჩინა. თემურ (თემო) კუბლაშვილის ფოტოებით მთელი სოციალური ქსელი აჭრელებულია. ყველა აღფრთოვანებულია გმირი ტყიბულელი ბიჭით. თემო თბილისში ქირით ცხოვრობს, ის ტყიბულიდან სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ამჟამად ლისზე, კაფეში მუშაობს. "კვირია პალიტრამ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

"არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვეულებრივი დღე იყო. უკვე საღამო იყო. ვამთავრებდით მუშაობას. ბევრი ხალხი იყო... ბავშვს ბურთი გადაუვარდა წყალში და ერთი ადამიანი შევიდა ლისის ტბაში, რომ ბურთი გამოეტანა. ვიცნობ ამ ბიჭს, ჩვენთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს... სიბნელე იყო და როგორც ჩანს, სიბნელეში გაუჭირდა გზის გამოკვლევა ან დაიბნა, სტრესი მიიღო და შეეშინდა. ბალახებიც იყო წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, რადგან მასთან ამ დეტალებზე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყო და ახალი გამოჯანმრთელებულია. გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მეორედაც რომ გავიგონე იგივე სიტყვები - მიშველეთო, მაშინვე შევედი წყალში და შევეცადე დავხმარებოდი...

თერთმეტი საათი იქნებოდა ან თორმეტის წუთები. სიბნელე იყო, წყალში საერთოდ არაფერი ჩანდა. იმდენად ემოციურად ვიყავი მეც, რომ სიმართლე გითხრათ, ახლა დეტალები არც მახსოვს...

მივედი მასთან ახლოს და ვეუბნებოდი, მომისმინე-მეთქი, რადგან თავიდან გავიფიქრე, მეც არ ჩამჭიდოს ხელი, ან რამე არ მოხდეს და ორივე არ დავიხრჩოთ-მეთქი. მისმენდა რასაც ვეუბნებოდი, უბრალოდ, ფეხებს და ხელებს დაღლილობის გამო ვერ ამოძრავებდა. მერე ბურთი მივაწოდე, რომ მას დაყრდნობოდა. მთლად ვერ გაუძლო, იმიტომ, რომ პატარა ბურთი იყო, მეც ვაწვებოდი, ვცდილობდი როგორმე ნაპირისკენ წამეყვანა. ალბათ, ნაპირიდან 200-300 მეტრის მოშორებით ვიყავით. ის პანიკაში იყო და ბუნებრივია, მეც ვღელავდი, რადგან ჩემთვისაც პირველი იყო მსგავსი სიტუაცია. სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ კარგად, როგორ გამოვედით უკან...

ნაპირზე ბევრი ხალხი იყო. წყალში შემოსვლა სხვებს არ უცდიათ, თუმცა ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას, ჩაგვიყარეს დიდი პლასტმასის ბოთლები, რომ მათ ტივტივას როლი შეესრულებინათ. ნაპირზე რომ ამოვედი, მერე მივხვდი, რომ მეც დაღლილი ვიყავი, ალბათ, ემოციურადაც, თორემ წყალში დაღლა არ მიგრძვნია. მთავარია ყველაფერი კარგად არის, ადამიანი გადარჩა, ჩემზე პატარა არის ასაკით.

ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე, ახლა თბილისში ვარ, რამდენიმე წელია მიმტანად ვმუშაობ. რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ამ ფაქტს, ვერ გეტყვით. ვიღაცამ გაავრცელა სოციალური ქსელით ეს ამბავი და მერიდება ამაზე საუბარი. მთავარი ის არის, რომ ადამიანი გადარჩა. საოცარი რეაქციები ჰქონდათ ნაპირზე შეკრებილ ხალხს, უხაროდათ, რომ სამშვიდობოს გავედით...

პროფესიონალი მოცურავე არ ვარ. თვითნასწავლი ვარ. სოფელში მდინარეზე მაქვს ცურვა ნასწავლი. ადამიანი შველას ითხოვდა და ინსტიქტურად წავედი მის დასახმარებლად, სხვაგვარად არ შემეძლო. არც იმ ტერიტორიას ვიცნობდი კარგად და სიმართლე გითხრათ, იქ წყალში მანამდე არასოდეს შევსულვარ. 

ჩემი მშობლები და ყველა ახლობელი ამაყობს ჩემი ამ ქმედებით. მე მივიჩნევ, რომ ეს ბუნებრივი საქციელი იყო. როცა ადამიანი შველას ითხოვს, უნდა დაეხმარო, აბა, რა უნდა ქნა?! არ ვიცი, ეს ამბავი ვინ გაახმაურა, ალბათ, ჩემი მეგობრების მეშვეობით გაიგეს ჩემი სახელი, თორემ არც მინდოდა, ეს ამბავი საერთოდ გახმაურებულიყო" - აღნიშნა 23 წლის გმირმა.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×