"საჭიროა ამ მაჩვენებლის შემცირება 5-6%-ის ფარგლებში, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია"
თამარ ვეფხვაძე
25.06.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა, მათივე შეფასებით, უმუშევრობა მაინც გამოწვევად რჩება. სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებას იზიარებენ და ადასტურებენ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, უმუშევრობა მართლაც შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა.

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შრომის ბაზრის პრობლემების მხრივ აღსანიშნავია ახალგაზრდების დასაქმების საკითხი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის. 

„უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარ მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად“, - აღნიშნავენ სსფ-ში.

ანგარიშის მიხედვით, დასაქმების სტრუქტურა თანდათან შეიცვალა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. იმავდროულად, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფინანსები.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სრულიად იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას და „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია, ყველაფერი შეფარდებითია, მაგრამ უმუშევრობის დონე საქართველოში, მართლაც განახევრდა და ისტორიულ მინიმუმზეა. 

„თუ მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების მონაცემებს ავიღებთ, მათთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობა მაინც მაღალ დონეზეა. ამის მიუხედავად, მთავარია ტენდენცია და დინამიკა, რომელიც გვეუბნება, რომ მდგომარეობა უმჯობესდება. ეს ჩანს „საქსტატის“ მონაცემებშიც, კვარტლების მიხედვით. მაგალითად, გასული წლის პირველ კვარტალში შემცირდა უმუშევრობა, მაგრამ მეოთხე კვარტალში, რომელიც ეკონომიკური აქტივობით გამოირჩევა, მდგომარეობა არ შეცვლილა. უმუშევრობა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში შემცირდა და ეს ტენდენცია ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რასაც უმუშევრობის დონის შეფასების დროს, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ეს არის ეკონომიკური ზრდა. 

„საქართველოში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, მაგრამ უმუშევრობის დონე კი არ შემცირდა, პირიქით, 0.2%-ით გაიზარდა, რაც დისონანსში მოდის საერთაშორისო კანონზომიერებასთან. ეს ნიშნავს, რომ თუ იზრდება ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით, უმუშევრობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. საქართველოში საკმაოდ ბევრი უცხოელია. ბოლო მონაცემებით, ინდოელების რაოდენობა 55-ჯერ გაიზარდა, არაბული ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა - 22-ჯერ, ისრაელის მოქალაქეების - 15-ჯერ. მათი გარკვეული ნაწილი ჩართულია ეკონომიკურად აქტიურ საქმიანობაში - ზოგი კურიერია, ზოგი - მიმტანი, ზოგი - დამლაგებელი, რომლებიც დასაქმების გამოკვლევაში ვერ მონაწილეობენ, ანუ ისინი მონაწილეობენ ეკონომიკის ფორმირებაში, დასაქმებულები არიან და მათ მიერ იქმნება დამატებითი ღირებულება, მაგრამ როდესაც შიდა მეურნეობის კვლევა ხდება, ისინი ამ კვლევებში ვერ ხვდებიან. 

ეკონომიკა იზრდება უცხოელების მონაწილეობით, მაგრამ ბოლომდე ვერ ისახება სტატისტიკაში. ამიტომ, ამას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ის კანონზომიერება, რაც მსოფლიოშია, საქართველოში არ დაირღვეს და გვქონდეს კორელაცია ეკონომიკის ზრდას, დაქირავებით დასაქმების მაჩვენებლებსა და უმუშევრობის მაჩვენებლებს შორის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“არჩვაძემ. 

ამ მოსაზრებას იზიარებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც და ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან კატეგორიაზე - უმუშევართა რაოდენობასა და ზოგადად უმუშევრობის დონეზე. 

„რაც შეეხება უმუშევრობის რაოდენობას, არა მარტო წინა წელთან, არამედ წინა წლებთან შედარებით, მართლაც შემცირებულია. მაგალითად, 2025 წელს, უმუშევართა რაოდენობა  224 000 იყო, 2024 წელს - 227 000, 2022 წელს - 268 000. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რაოდენობრივი შემცირება აშკარაა. მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია უმუშევრობის დონე, რომელსაც პროცენტულად ვანგარიშობთ. მაგალითად, 2025 წელს, უმუშევრობის დონე იყო 13.9%, ხოლო 2022 წელს - 17.3%. აქედან გამომდინარე, ვეთანხმები საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შემცირდა ეს ორივე მაჩვენებელი და ამასვე ადასტურებს საქსტატის მონაცემებიც“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ავთო სილაგაძემ.  

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ეკონომიკაში, რომლებზეც ფოკუსირდება ბევრი რამ ეკონომიკაში. გარკვეულწილად, სწორედ უმუშევრობის დონისა და უმუშევართა რაოდენობის მიხედვით დგინდება, რა ხდება ეკონომიკაში. 

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ მაჩვენებლის შემცირება 5-6%-ის ფარგლებში და სწორედ ეს იქნება სრულ შესაბამისობაში ევროსტანდარტთან. 

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს ძირითად შეფასებაში ვეთანხმები, რადგან უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ ვფიქრობ, დასაქმებისა და უმუშევრობის სისტემა კიდევ უფრო მეტად უნდა მოწესრიგდეს. აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობა. ეს უკავშირდება მინიმალურ ხელფასსაც და სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, ფაქტობრივად, თავიდან არის ყველაფერი გასაკეთებელი. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს უმუშევართა შემწეობა, უმუშევრებს აქვთ სტიმული დარეგისტრირდნენ და მიიღონ შემწეობა. პარალელურად, დროთა განმავლობაში, მათ სთავაზობენ ახალ სამუშაო ადგილს და გადამზადების საშუალებასაც. აი, ეს საკითხია მოსაწესრიგებელი ჩვენთანაც“ - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×