ნატალია ჯვარიძე
25.06.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთგვარი გაფრთხილებაა. ევროპასთან საქართველოს ურთიერთობებს ის უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ დასავლეთი ჩვენთან მუშაობას ამთავრებს. ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას კი ამბობს, რომ თუ ენმ-ს უნდა სახე შეინარჩუნოს, „ოპოზიციური ალიანსიდან" უნდა გავიდეს.

იგორ კვესელავა: კავკასიაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა იყო საქართველო, რომელიც ბოლო ადგილზე გადავიდა. სომხეთმა გაგვისწრო, რომელსაც გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთი არ აქვს, როგორიც ჩვენ. ევროპა გეუბნება, რომ ურთიერთობაში უნდა ვიყოთ, თუნდაც შეცდომები დავუშვათო, ამათ ეს არ უნდათ. ამ სიტუაციაში ევროპის მოქმედებები სწორად მიმაჩნია, რადგან ჩვენ მათ ვშორდებით.

ჩვენ ევროპელები არ ვართ, კავკასიელები ვართ, რომლებიც ევროპულ კულტურასაც ვიზიარებთ და აზიურსაც. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპელები ვართ. ადრე ასე იყო საჭირო რომ გვეთქვა, რათა ისინი დაგვეინტერესებინა. ჩვენ თუ ევროპასთან არ ვიქნებით, მათი კულტურული გამოცდილებები არ გვექნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე გავემიჯნოთ, რასაც „ოცნება" აკეთებს. ევროპამ ჩვენთან მუშაობა დაამთავრა. ის გეუბნება - თუ ჩვენთან გინდა, დიპლომატიურად უნდა მოიქცე.

  • „ქართული ოცნებას" ბევრი ხარვეზი აქვს... ისინი სწავლის პერიოდში არიან, რაც გამოიხატება მათ უტაქტო განცხადებებში. ეს შეცდომა „ნაცმოძრაობამაც" დაუშვა და ახლაც უშვებს".

ევროსაბჭოს რეზოლუცია გაფრთხილებად მიმაჩნია, რაც მართებულია. ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ. ნეიტრალიტეტის გამოცხადება არ შეიძლება, დამღუპველია. ჩვენ ამის ძალა არ გაგვაჩნია. აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, მაგრამ ჩვენთვის რთულია.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს? უნდა გამოვიდეს თუ არა ოპოზიციური ალიანსიდან „ნაცმოძრაობა"?

იგორ კვესელავა: პოლიტიკურ პრაქტიკაში, როცა ხელისუფლებიდან მიდიან, პროცესები გრძელდება და არ სრულდება. ენმ-ში ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს, ეს ყველგან ხდება. თუ ევროპულ მაგალითს ავიღებთ, მათ ეს უკვე გაიარეს. ეგ კი არა, სწავლის პროცესი კომუნისტურმა პარტიამაც გაიარა. ამაში რა არის უცნაური? ამიტომ არ ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობაში" რაღაც სენსაციური ხდება.

უნდა ვთქვა ასევე ისიც, რომ „ქართული ოცნებას" ბევრი ხარვეზი აქვს. როცა ხელისუფლებაში მოდიხარ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას უნდა ფლობდე. სამწუხაროდ, ისინი სწავლის პერიოდში არიან, რაც გამოიხატება მათ უტაქტო განცხადებებში. ეს შეცდომა „ნაცმოძრაობამაც" დაუშვა და ახლაც აგრძელებენ. პარლამენტში ბევრი მოწაფეობრივ პერიოდს გადის. მმართველოსთვის მომზადებულები არ იყვნენ, მათ შორის არც ენმ.

გულახდილად რომ გითხრათ, თუ „ნაცმოძრაობას" უნდა საკუთარი სახე გამოაჩინოს, მაშინ ალიანსიდან უნდა გამოვიდეს. ეს გაერთიანება მათ დიდებას ვერ მოუტანს. თუ უნდათ ხალხის ნდობა კიდევ დაიმსახურონ, ცალკე უნდა დადგნენ. 500 ათასი ხმა ჰქონდათ და არანაირ ალიანსში არ იყვნენ, ასე უნდა გაგრძელდეს და დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. არავითარი ალიანსი მათ ავტორირეტს ვერ აუმაღლებს.

„რ": პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიზანია „კოლექტიური ნაცმოძრაობის" განეიტრალება 2028 წლისთვის. თქვენი აზრით, ამაში რა იგულისხმება?

ი.კ.: ირაკლი კობახიძეს გამოცდილება არ გააჩნია, იურისტობა პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. ეს განცხადება არასწორია. ენმ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვა, მან თავის სახე აჩვენა და დაასრულა ისევე, როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ", განსხვავებით იმ ევროპული პარტიებისგან, რომლებიც მიდიან და მოდიან ხელისუფლებაში. რა დროს პარტიების აკრძალავაზეა საუბარი?! მოქმედებებით უნდა დაამტკიცო შენი სიმართლე და არა ასე. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×