
ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, „ქართული ოცნება" ბრიუსელთან დიალოგის განახლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და შუა დერეფნის მნიშვნელობას ასახელებს. მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა მარტა კოსმა ვიდეომიმართვაში ევროპისთვის შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ბრიუსელმა „როგორც იქნა, რუკას დახედა" და საქართველოს როლი სათანადოდ შეაფასა.
რამდენად შეიძლება ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ გადაფაროს ევროკავშირის პოლიტიკური მოთხოვნები და თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საფუძველი გახდეს?
„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
„საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ის, რომ ქვეყანა ფეხზე დგას და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პოზიციაზეა. ეს იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი მოლაპარაკებებში, რაც ასევე პოლიტიკურ სტაბილურობას მოიტანს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კოსის განცხადება და ხელისუფლების პასუხი
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა „იქსში" სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც კავკასიის რეგიონსა და შუა დერეფანს ეხება:
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ორ მარშრუტზე ვიყავით დამოკიდებული, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებდა ერთმანეთთან: ჩრდილოეთ მარშრუტი, რომელიც რუსეთზე გადიოდა და სამხრეთ მარშრუტი, რომელიც წითელი ზღვით და სუეცის არხით გადიოდა. თუმცა, კონფლიქტებმა აღნიშნული მარშრუტები არასაიმედო გახადა. ბევრი გემი იძულებულია შემოვლითი გზით, კეთილი იმედის კონცხის გავლით იაროს. ეს არის ძველი მარშრუტი, რომლითაც ევროპა სუეცის არხის მშენებლობამდე სარგებლობდა.
„მაგრამ არსებობს სხვა გზაც. შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ. ის ევროპას აზიასთან სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. მაგრამ, ამან რომ იმუშაოს, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.
- მარტა კოსი: „შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ."
„აღნიშნული მარშრუტით ვაჭრობის მოცულობა 2022 წელთან შედარებით ოთხჯერ არის გაზრდილი. პრობლემა ისაა, რომ საქონლის მიწოდების ვადა 45 დღემდე იწელება. ჩვენი მიზანია მისი შემცირება 15 დღემდე. როგორ? გზების, რკინიგზების, პორტები გაუმჯობესებითა და საზღვარზე დაყოვნების დროის შემცირებით. ეს ჩვენს საწარმოებს ხარჯებს შეუმცირებს და საქონელს ევროკავშირის მოსახლეობისთვის იაფს გახდის. ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა კოსმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ამის საპასუხოდა განაცხადა, რომ ბრიუსელი საქართველოს ბევრ რამეს ვერ პატიობს, თუმცა, საბოლოოდ, იძულებული იქნება სიმართლეს გაუსწოროს თვალი.
„ბრიუსელი დღემდე ვერ გვპატიობს იმას, რომ არნახული წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად.
„ვერც იმას გვპატიობს, რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას.
„იმასაც ვერ ივიწყებს, რომ, მიუხედავად მათ მიერ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი ანგარიშით დავამარცხეთ.
- ლევან მაჭავარიანი: „მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა..."
„ახსოვს ისიც, რომ ბოლო წლებში 5 რევოლუცია გავუნეიტრალეთ.
„იმასაც ვერ ეგუება, რომ მათ მიერ დაფინანსებული კოლექტიური „ლომჯარია და გიგაური" გამჭვირვალე გავხადეთ.
„მათთვის ისიც მიუღებელია, რომ ლგბტ პროპაგანდა ავკრძალეთ სკოლებსა და ბაღებში.
„მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა..." - წერს მაჭავარიანი.
გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებში
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყნის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე „ოცნებამ" დიდი იმედები არ უნდა დაამყაროს, რადგან არც ევროკავშირი წავა დათმობებზე და ყველაზე უარესი სცენარის - სატრანზიტო დერეფნის დახურვის შემთხვევაშიც, დაზარალებული მხოლოდ საქართველო გამოვა.
„ქართული ოცნება" აქედან ბევრს ვერაფერს პოზიტივს ვერ ნახავს. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მნიშვნელოვანი დერეფანია, აქ იმდენი ინტერესებია - რომ არაფერი ვთქვათ ენერგორესურსების მიწოდებასა და შუა აზიაზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე - საქართველოს ხელისუფლებას ძალიანაც რომ მოუნდეს, ვერ შეძლებს პრობლემები შეუქმნას იმ ტრანზიტს, რაც საქართველოს გავლით ხორციელდება ევროპაში. გამორიცხულია, რადგან აქ ევროკავშირი ერთი მხარეა და მეორე მხარე ჩვენი მეზობლები და უშუალოდ პარტნიორებია. წარმოგიდგენიათ, რომ თუ საქართველო შეეცდება ეს დერეფანი დახუროს, რა დღეში აღმოვჩნდებით თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანმა გადაკეტოს ის ენერგორესურსები, რაც საქართველოს სჭირდება? ამ კუთხით ევროკავშირს კატასტროფა არ ელოდება.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ეს „ოცნების" ლიდერების მხრიდან მორიგი იმედების შექმნის მცდელობაა თავიანთი ამომრჩევლებისთვის - ვჭირდებით და დღეს-ხვალ დათმობებზე წავლენო."
„კი, რუკას დახედეს, თუმცა მათ ეს აქამდეც მშვენივრად იცოდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ევროკავშირი იმ ღირებულებების წინააღმდეგ წავა, რამაც ფაქტიურად ევრობლოკის, როგორც კავშირის შექმნა და ჩამოყალიბება უზრუნველყო. ეს „ოცნების" ლიდერების მხრიდან მორიგი იმედების შექმნის მცდელობაა თავიანთი ამომრჩევლებისთვის - ვჭირდებით და დღეს-ხვალ დათმობებზე წავლენო.
„დღეს სიტუაცია ქვეყნის შიგნით, გარეთ და საერთაშორისო არენაზე იმდენად სწრაფად იცვლება და თანაც ჩვენი პარტნიორებისთვის პოზიტიურად - ეს იქნება ფრონტზე უკრაინის წარმატებები, ირანთან კონფლიქტი, თუ სხვა - რომ ჯობს „ოცნებამ" თავადაც ჩახედოს გეოგრაფიას და გადახედოს როგორ იცვლება მსოფლიოში ვითარება აგრესორი ქვეყნების საწინააღმდეგოდ.
„დიდი იმედების დამყარების არანაირი საფუძველი არაა, რომ გეოგრაფიის გათვალისწინებით ჩვენი პარტნიორები რაღაც დათმობებზე წავლენ", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გეოგრაფიულ მდებარეობას დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მხარეების და განსაკუთრებით ევროკავშირის პოზიციას, თუს ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
„გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ექნება, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მეორე საკითხია მხარეები ამ ფაქტორს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რამდენიმე ცნობილი ევროპელი ექსპერტის მოსაზრება ვიცი, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად აფასებს თავის სატრანზიტო როლს და ა.შ.
„დაკავშირებადობის ფაქტორი ძალიან სერიოზული არგუმენტი იქნება ჩვენი მხრიდან, სერიოზული ფაქტორების გათვალისწინება მოუწევს ევრობიუროკრატიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ასევე იქნება გარკვეული სხვა მოთხოვნებიც, რაც ტრადიციულად უკავშირდება აქ დემოკრატიის საკითხებს. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში მათ ეს საკითხები საქართველოსთან ურთიერთობაში დღის წესრიგიდან მოხსნან და ჩვენთან დაამყარონ ისეთი ურთიერთობები, როგორიც აქვთ, მაგალითად, აზერბაიჯანთან, სადაც ისინი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დემოკრატიის ხარისხს, მაგრამ აქვთ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა - მთავარია აზერბაიჯანიდან უპრობლემოდ მიიღონ ენერგორესურსები და თუ ძალიან წითელ ხაზებს არ გადავლენ, დემოკრატიის ხარისხზე მაინცდამაინც ხმას არ იღებენ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „რამდენიმე ცნობილი ევროპელი ექსპერტის მოსაზრება ვიცი, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად აფასებს თავის სატრანზიტო როლს და ა.შ."
„შესაძლოა აქ იყოს იმის სურვილი, რომ ჩვენთანაც ასეთი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე კავკასიის სხვა ქვეყნებში, თუნდაც სომხეთში. ამ მხრივ არ მგონია ბევრი რამ წამოსაძახებელი ჰქონდეთ. ის, რაც ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს რეზოლუციებში წერია, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პარამეტრებთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ რეიტინგებთან.
„ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს - ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს - რეალობის დანახვა მოუწევთ და არა იმ სურათის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციებშია აღწერილი. თუ სწორი, ფილიგრანული დიპლომატია იქნება ნაწარმოები, ამ კუთხით ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არცერთმა მხარემ თავი წაგებულად არ იგრძნოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.