ისევ სახელდება 3-4-კვირიანი მოცდის პერიოდი, რომელიც რალურად უკვე გასულია
თამარ ვეფხვაძე
24.06.2026

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუახლოვდა. გლობალურ ბაზრებზე, 1 ბარელი ნავთობის უკვე 74 დოლარი ღირს. საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზე ჯერ არ ასახულა. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, გლობალური ბაზრების ტენდენციის ადგილობრივ ბაზარზე ასახვას ორი-სამი კვირა სჭირდება, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში, ნავთობის ბაზარზე კარტელური შეთანხმებაა, ამიტომ საწვავის მაღალ ფასს ისინი კიდევ ერთი თვით შეინარჩუნებენ.

არადა, საერთაშორისო ბაზარზე დადებითი ტენდენცია აშკარად თვალში საცემია. ინვესტორები სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა მალე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. გუშინ „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა და 74 დოლარს მიაღწია. ზოგადად კი ნავთობი 4 ივნისიდან მოყოლებული ყოველდღიურად იაფდება და 3 კვირაა ფასი ეცემა.

14 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტე, რაც არის ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში და რომელიც ომამდე, მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებდა, სრულად გაიხსნება. სრუტე თებერვლის ბოლოდან ჩაიკეტა, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა.

ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20%, ანუ დღეში 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა ჰორმუზის სრუტეში. საზღვაო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კომერციული მიმოსვლის დაშვებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე. 

ახლა საინტერესოა, როდის გაიაფდება ბენზინისა და დიზელის საწვავი საქართველოში. ნავთობკომპანია „ქონექთის“ დირექტორი ჯემალ ონიანი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში, ახალი კონტრაქტები გაფორმდება და საწვავზე ფასი ეტაპობრივად დაიკლებს. მათი კომპანიის შემთხვევაში, ფასის კორექტირება 3-4 კვირაში იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ „ბრენტის“ ფასი ასახავს ნედლი ნავთობის ღირებულებას მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ შესყიდვას ვახორციელებთ „პლატცის“ საერთაშორისო ინდექსის მიხედვით. ამ ეტაპზე, კომპანია „ქონექთის“ გუნდი აქტიურად მუშაობს მომწოდებლებთან, რათა შევისყიდოთ გაიაფებული ნავთობპროდუქტები და შემდეგ შემოვიტანოთ საქართველოს ბაზარზე. 

უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება და საწვავის შემოტანა ქვეყანაში. ალბათ, სამი-ოთხი კვირის მანძილზე, ეტაპობრივად აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზეც“, - განაცხადა ონიანნა და დასძინა, რომ ბოლო თვეებში საწვავის გაძვირება ირანში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა.

„ირანში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასებზე. თუ სტაბილურად გაგრძელდება კლება და გეოპოლიტიკური მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდება, ვფიქრობთ, შენარჩუნდება დაბალი ფასი. გარკვეული დრო დასჭირდება ასახვას ბაზარზე. სავარაუდოდ, როგორც წესი, ფასების ცვლილება საქართველოში აისახება სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად“, - აღნიშნა ონიანმა.

იგივე პოზიციას იზიარებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი. როგორც მან „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო ტენდენციების ადგილობრივ ბაზარზე ასახვას დაახლოებით ორი-სამი კვირა სჭირდება. 

„დიახ, ნავთობის გაიაფების პროცესი ერთი კვირაზე მეტია რაც დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი საქართველოს საწვავის ბაზარზე ასახვას ვერ მოასწრებდა. საშუალოდ, გლობალური ბაზრების ტენდენციების გადაცემის ეფექტი ორიდან სამ კვირამდეა ხოლმე, ყველა სხვა თანაბარი პირობების გათვალისწინებით. თუ არაფერი შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და სხვა გარემოებებმა არა გადაფარა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია, საშუალოდ, ორიდან სამ კვირამდეა ხოლმე ადგილობრივ ბაზარზე გადაცემის ეფექტი. აქედან გამომდინარე, ჯერ ეს პერიოდი არ გასულა“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს ნიკა შენგელიას, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საწვავის გაიაფების პროცესი საქართველოს ბაზარზე ჯერ არ დაიწყება, რადგან ჩვენთან მოქმედებს კარტელი, რომელსაც აქვს შეთანხმებული ფასი. 

„საქართველოს ბაზარზე არსებობს კარტელი, რომელსაც აქვს შეთანხმებული ფასები. ამიტომ ეს კარტელი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს გაიაფებას დროულად. მეტიც, ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ მაღალი ნიშნული, ყოველ შემთხვევაში, ერთ თვემდე პერიოდში საწვავის გაიაფებას არ ველოდები. 

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, იქაც ნავთობის ფასი, ჯერჯერობით, 75-80 აშშ დოლარის შუალედში იმერყევებს. ეს იმიტომ, რომ ჰორმუზის სრუტე კი გაიხსნა, მაგრამ შემდეგ ისევ დაიკეტა. შესაბამისად, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ჰორმუზის სრუტე საბოლოოდ ღიაა მიმოსვლისთვის. იქაც გარკვეული შეფერხებებია და ეს გაუკრვევლობა სიტუაციაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×