
„ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მიკერძოებულ და რეალობას აცდენილ დოკუმენტად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია ასამბლეის მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს. მმართველ გუნდში უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რეზოლუციაში, მათი შეფასებით, არ არის ასახული ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მაშინ როდესაც დოკუმენტი ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკას შეიცავს.
დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება, რომელიც „ქართული ოცნებისა" და ევროპული ინსტიტუტების ურთიერთობებში კიდევ ერთ სადავო თემად იქცა. შინაარსი ეფუძნება მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ანგარიშს და მოიცავს ყველა ძირითად საკითხს - ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა, მართლმსაჯულება, მედიისა და სამოქალაქო სექტორის მდგომარეობა და საარჩევნო გარემო.
მმართველი გუნდი რეზოლუციას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ხოლო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას გაურბის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციაზე კენჭისყრა 24 ივნისს დაიგეგმა.
რა წერია რეზოლუციაში
რეზოლუციის პროექტი ეფუძნება საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც ჩაწერილია ის, რაც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ვიზიტისა და შეხვედრების შემდეგ დაასკვნეს. პროექტს ამა წლის 18 მაისს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
რეზოლუციაში ყველა ის კრიტიკული საკითხია ჩადებული, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლებისადმია წაყენებული. ყურადღება გამახვილებულია პარტიების აკრძალვის საკითხზე, მიჩნეულია, რომ ამ კურსის გაგრძელება „ეფექტურად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუსაბამოა ევროსაბჭოს წევრობასთან" და „საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე და დაასრულოს მისი ლიდერების გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა".
ასამბლეა ხელისუფლებას შეახსენებს „პოლიტიკური პატიმრის განსაზღვრების" შესახებ 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას. ასამბლეას მიაჩნია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას არ შეიძლება ჰქონდეს რამე სხვა მიზანი, განსხვავებული აზრის ჩახშობის გარდა. ამ კონტექსტში მკაცრად გმობს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების მიმართ განსაზღვრულ „პოლიტიკურად მოტივირებულ და არაპროპორციულ სასჯელებს".
ასამბლეის შეფასებით, „საქართველოში არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები", რაც გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის „უმოწყალოდ დევნით".
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაიწვიოს ბოლო ხანს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა.
ანგარიშის-„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში" - თანამომხსენებლები არიან: ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა).
რეზოლუციის მნიშვნელობა "ოცნებისთვის"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპის საბჭო რეზოლუციით დეზინფორმაციას ავრცელებს.
"ბოლო წლებში ამგვარი რეზოლუციები ტოტალურად უსამართლოა, ყალბ ფაქტებსა და აღქმებს ეფუძნება და ერთი-ერთში იმეორებს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს. წლებია ამ რეზოლუციებს საზოგადოებაში თითქმის ნულოვანი გავლენა აქვთ, თუ რადიკალურ ჯგუფებს არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციებით ასეთი დეზინფორმაციების გავრცელებას აზრი არ აქვს.
- გია აბაშიძე: "ქართული ოცნების" გუნდის პოზიცია აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ამ პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ"
"რა ურთიერთობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც არ არსებობს გონივრული შინაარსიანი მდგენელი ევროკრატიიდან წამოსულ ბრალდებებში. ამიტომ "ქართული ოცნების" გუნდის პოზიცია აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ამ პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ, სადაც საქართველოს თითს უქნევენ, ვითომ სჯიან იმ დროს, როცა დემოკრატიული უკუსვლა ნამდვილად არაა, ეს გამოგონილია, ისევე, როგორც ე.წ. პოლიტპატიმრებსა და სააკაშვილს მომაკვდავი მდგომარეობა.
"ამიტომ, ასეთ მავნებლურ გზავნილებს ევროპარლამენტიდან იქნება, თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, მათთვის შედეგი ნული ექნება. ევროპის წევრ სახელმწიფოებში პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები არიან და უნდა დაფიქრდნენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება",- განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" ევროპის საბჭოს წინაშე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.
"ოცნების" მიზანი არაა, თუნდაც ევროპის საბჭოს, ან ევროკავშირის წინაშე პასუხისმგებლობა აიღონ, ურჩევნიათ ძალაუფლება შეინარჩუნონ. თან ევროპის საბჭოს რეზოლუციას არაა სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და ამიტომაც ქედმაღლურ განცხადებას აკეთებენ, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო.
- ნიკა ჩიტაძე:"ოცნების" მიზანი არაა, თუნდაც ევროპის საბჭოს, ან ევროკავშირის წინაშე პასუხისმგებლობა აიღონ, ურჩევნიათ ძალაუფლება შეინარჩუნონ"
"აქ რომ სავალდებულო ხასიათის რეზოლუცია იყოს, რომ მათ სანქციები ემუქრებოდეთ, მაშინ სხვა რეაქცია ექნებოდათ, თუნდაც როცა ბრიტანეთმა "იმედი" დაასანქცირა, პოლიტსაბჭოს სხდომა მეორე დღითვე გაიმართა, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მაშინ სხვა რეაქცია ჰქონდათ და ახლა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დაგმობილი იქნება და წინასწარვე აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ და ეს ქვეყნის სუვერენიტეტში და შიდა საქმეებში ჩარევაა და ა.შ.",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობენ "ოცნებაში"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ამ რეზოლუციით ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი საქართველოში განხორციელებული ვიზიტი არაფრის მომტანი იყო.ამასთან, როგორც სამხარაძე აღნიშნავს, "არანაირი გამართლება აღარ აქვს მათ მოთხოვნას, რომ საქართველო PACE-ში დაბრუნდეს".
"რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა.
"აქედან გამომდინარე, ცხადია, ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეზოლუციას ხმას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა, არაფრის მომტანი იყო და ეს იყო უბრალოდ ვიზიტი იმისთვის, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ.
"ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, PACE-ს წარმომადგენლები, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია PACE-ში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის „დრაფტში" წერია, რომ PACE ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ PACE-ში ჩვენი საქმიანობა.
"აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო PACE-ში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები PACE-ს მიერ არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი," - განაცხადა სამხარაძემ.