მარიამ ვეკუა
24.06.2026

უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ელექტროსადგურებზე მიტანილი ბოლო იერიშები აჩვენებს, რომ კიევის შორ მანძილზე მოქმედი დრონების სტრატეგია ახალ ფაზაში შედის. ყირიმში გამოწვეული კრიზისი და რუსეთის სიღრმეში პარალიზებული საწარმოები ადასტურებს, რომ უკრაინა წარმატებით ახერხებს ომის ეკონომიკური ფასის უშუალოდ მოსკოვისთვის დაკისრებას.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოთხშაბათს, უკრაინული დრონების თავდასხმამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის უდიდეს ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. თავდასხმის ობიექტები ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთიც იყო. მიმდინარე წელს უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საცავებსა და მომარაგების მარშრუტებზე დარტყმები გაამკაცრა.

ამან რუსეთში ბენზინზე ფასების ზრდა გამოიწვია, რის გამოც ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა. საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ ყირიმის ნახევარკუნძულზე იგრძნობა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

სევასტოპოლის (რუსეთის მიერ დანიშნულმა) გუბერნატორმა მიმდინარე კვირაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კაფეების ადრეულად დაკეტვის განკარგულება გასცა.

ოთხშაბათს განაცხადა, რომ დრონების ბოლო ტალღამ ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კიევი „ჩვენთვის ნორმალური ცხოვრების პირობების წართმევასა და პანიკის დათესვას ცდილობს", ენერგომომარაგების აღსადგენად სამუშაოები მაინც მიმდინარეობს, - დაწერა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა პლატფორმა „ტელეგრამზე".

დრონები შორეულ სამხრეთ რეგიონშიც ჩამოაგდეს​ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ დრონებმა ყირიმში, სევასტოპოლის ელექტროსადგურის მთავარ ქვესადგურზე მიიტანეს იერიში. ნახევარკუნძულს ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, კიევში კი აცხადებენ, რომ მას არასდროს დათმობენ.

რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის თქმით, უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ სამრეწველო ობიექტი დააზიანა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

მისივე განცხადებით, დაუდგენელ ობიექტს კრიტიკული ზიანი არ მიყენებია. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მდებარეობს „ნორსი" - რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. როიტერსის ინფორმაციით, ეს არის ცენტრალურ რუსეთში მდებარე ერთ-ერთი იმ მრავალ მსხვილ საწარმოთაგან, რომლებმაც მაისში, დრონების თავდასხმების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერეს ან გამოშვებული პროდუქციის მოცულობა შეამცირეს.

  • როიტერსი: ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის, თუმცა უკრაინაში რუსული თავდასხმების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მსხვერპლია რუსეთის ტერიტორიაზეც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 323 დრონი ჩამოაგდეს.

მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრზე მეტით დაშორებული ორენბურგის ოლქის ხელისუფლებამ კი აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები სამრეწველო ობიექტის თავზე გაანადგურეს. ჯერჯერობით უცნობია, მიადგა თუ არა რაიმე ზიანი ამ შორეულ რეგიონს, რომელიც ყაზახეთს ესაზღვრება და სადაც არაერთი სამრეწველო ობიექტი, მათ შორის გაზგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს.

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდება ალტერნატიული მარშრუტებით ხორციელდება. უკრაინული მხარის განმარტებით, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის სტრატეგია მიზნად რუსეთის ომის დაფინანსების მთავარი წყაროს გამოფიტვას ისახავს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმის ჩვენებას ემსახურება, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ოთხწლიანი კონფლიქტი მათგან შoრს აღარ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს კიევი რუსულ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობა ამ დარტყმების შედეგების შესამსუბუქებლად დამატებით ზომებს მიიღებს. ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის, თუმცა უკრაინაში რუსული თავდასხმების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მსხვერპლია რუსეთის ტერიტორიაზეც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო ბელგოროდის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ქალი დაშავდა. პარალელურად, ოთხშაბათს, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო Reuters-ს ბოლო დარტყმების შესახებ გავრცელებული დეტალების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×