
ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის შემცირების ნიშნები იკვეთება - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ საერთაშორისო გემებისგან აღარ მოითხოვს არანაირ გადასახადს ან მოსაკრებელს. პარალელურად, გაეროს საზღვაო სააგენტოს მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმის ფარგლებში, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილმა ხომალდებმა სრუტის გავლა უკვე დაიწყეს, რაც რეგიონში ომის დასრულებისკენ გადადგმულ პირველ პრაქტიკულ ნაბიჯად განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, თითქოს ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან ყოველგვარი გადასახადის (ბაჟის) მოთხოვნას წყვეტს.
ორ ქვეყანას შორის ორშაბათს შვეიცარიაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, თუმცა მხარეები ირანისთვის განკუთვნილი ფინანსური სტიმულირების, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისა და ლიბანში მიმდინარე ისრაელის პარალელური ომის შესახებ-განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აღნიშნული საკითხები გასულ კვირას გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების მთავარ ასპექტებს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა.
აღნიშნული შეთანხმების გამო ტრამპი ქვეყნის შიგნით კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მათ შორის, საკუთარი, „რესპუბლიკური პარტიის" რადიკალური ფრთის მხრიდან.
ირანმა აშშ-ს შეატყობინა, რომ „ყალბი ახალი ამბების" გავრცელებული დეზინფორმაციის საპირისპიროდ, ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისგან ირანი არანაირ გადასახადს, დაზღვევის ხარჯს თუ სხვა სახის მოსაკრებელს არ ითხოვს და არც იღებს", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, ჰორმუზის სრუტიდან გემების ევაკუაცია მიმდინარეობს გემებმა ჰორმუზის სრუტის გავლა დაიწყეს გაეროს ნაოსნობის სააგენტოს ახალი გეგმის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ხომალდების ევაკუაციას ითვალისწინებს - ამის შესახებ ოთხშაბათს ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა.
ინიციატივა, რომლის შეთანხმებასაც თვეები დასჭირდა, სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ასობით გემსა და დაახლოებით 11 000 მეზღვაურს ჰორმუზის სრუტის გავლის საშუალებას მისცემს, ამის შესახებ „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ" სამშაბათს განაცხადა.
„ამ გეგმის ფარგლებში გემებმა სრუტის გავლა უკვე დაიწყეს", - აღნიშნა პრესსპიკერმა ოთხშაბათს, თუმცა უარი თქვა იმ ხომალდების შესახებ დეტალების გამჟღავნებაზე, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს აღნიშნული ზონა.
გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 საათის განმავლობაში აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჰორმუზის სრუტე მინიმუმ ორმა ტვირთმზიდმა და ერთმა სატვირთო გემმა გაიარა.
„როიტერსის" ანალიზი აჩვენებს, რომ კიდევ სულ მცირე 35 კომერციული ხომალდი -ძირითადად ტვირთმზიდები, სატვირთო და საკონტეინერო გემები სრუტის გასავლელად ემზადება. მომლოდინე ხომალდების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ხომალდები შედარებით მცირე ზომის კომერციული გემებია, მათ შორის ხუთი მცირე ნავთობტანკერი, სანაპირო დაცვის ხომალდები და ბუქსირები. გეგმის მიხედვით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც აშშ-მა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს,
გემებს ტერიტორიის დასატოვებლად ორი კორიდორის გამოყენება შეეძლებათ: ჩრდილოეთ მარშრუტის - ირანის წყლების გავლით და სამხრეთ მარშრუტის - „ომანის სასულთნოსა და აშშ-ის მიერ კოორდინირებული წყლების" გავლით.
"გემები გზის გაგრძელებამდე მითითებებს უნდა დაელოდნონ. მოლოდინის ზონის გადატვირთვა, ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ შემდგომი შეტყობინებების დროებით შეჩერებას გამოიწვევს", ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც ოთხშაბათს გავრცელდა.