
"ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკაში ბოლო დღეებში შესამჩნევად შემცირდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის "გადატვირთვაზე" საუბარი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ კრიტიკული შეფასებები გააკეთა.
პარალელურად, მმართველი გუნდის ყურადღება ევროკავშირის მიმართულებით გააქტიურდა და ბრიუსელთან დიალოგის აღდგენის მცდელობები უფრო თვალსაჩინო გახდა.
ევროკავშირთან დიალოგის განახლების კუთხით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრებიც გამართა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებთან, ხოლო „ოცნების" ლიდერები ევროპულ ინსტიტუტებთან დიალოგის განახლების გზების ძიებაზე საუბრობენ.
რატომ შეწყდა საუბრები აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ამბობს, აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი დიდი ალბათობით იმიტომ შეწყდა, რომ შედეგი ჭიანურდება ვაშინგტონიდან.
- რამაზ საყვარელიძე: "აშშ-სთან პროცესი უფრო დამუხრუჭებულია, ვიდრე უარყოფილი"
"შედეგი რომ ჭიანურდება, გადატვირთვაზე საუბარი ბუნებრივია შეწყდება. საქართველოდან შედეგი ვერ გაჭიანურდება, უფრო ალბათ ამერიკას არ აქვს რაიმე სიახლეები მიმართულებით და შეიძლება დიდად არც ინტერესები არ აქვს. იყო შეხვედრები და ისიც არ თქმულა რომ უკმაყოფილება გამოითქვა. პროცესი უფრო დამუხრუჭებულია, ვიდრე უარყოფილი.
"არ ვუწევთ ანგარიშს იმას, რომ შეიძლება აშშ-ს უფრო ბევრი მოტივი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ. ჩვენთვის სასურველია ამერიკასთან კონტაქტი და ამერიკა ურთიერთობათა რაღაც ქსელშია ჩართული და თუ ამ ქსელში შენთან ურთიერთობა სირთულეებს შეუქმნის, მაშინ ჯერ მთლიანად საქართველოს პოლიტიკურ კლასტერს უნდა მოუაროს და მერე მოუბრუნდეს ქვეყანას. უამისოდ თავად გაუჩნდება პრობლემები, ლოგიკა ამას გვკარნახობს, კონკრეტულად რაშია საქმე, ამის თქმა მიჭირს",- განაცხადა საყვარელიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-დან ვიზიტები სინამდვილეში ინფორმაციის შეგროვებისთვის იყო და ვაშინგტონმა სიტუაცია მკაცრად შეაფასა.
"ძალიან არაკომპეტენტურები არიან და ჰგონიათ, რომ გადატვირთვაზე ლაპარაკი დადებითი მოვლენაა. როცა ამერიკელების გარკვეული ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოვიდნენ ერთი მეორეს მიყოლებით, როგორც ექსპერტების, ჩათვალეს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეძებდა.
"სინამდვილეში ეს ვიზიტები ინფორმაციის შეგროვებისთვის იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაეგოთ რა ხდება საქართველოში, გაეგოთ "ოცნების" პოზიციები. არ გამოვრიცხავ იყო გულახდილი დიალოგი, რათა მეტად გაეხსნათ ქართული მხარე და მაქსიმალურად წაეღოთ ინფორმაცია.
"მერე უკვე ყველამ ნახა, რომ აშშ სიტუაციას ძალიან მკაცრად აფასებს - აშშ არ ენდობა "ოცნებას" განსაკუთრებით იმის გამო, რომ თამაშობს ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან. ამასთან, ევროპის მიმართ დაუფარავი და დაუნდობელი კრიტიკა აქვთ. დანიას ადამიანის უფლებების დარღვევაზე გადაუარეს და ირანში ყოველ დღე ადამიანებს ხოცავენ და სიკვდილით სჯიან, მაგაზე ხმას არ იღებენ.
"ყველანაირად ჩანს "ქართული ოცნების" ორმაგი სტანდარტები, თან კონსტიტუციაში უწერია მივდივართ ნატო-სა და ევროკავშირში. ამ დროს, უნდათ ჰქონდეთ დიფერენცირებული ურთიერთობა. როგორ ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობა უნდა და ჩვენ არაო? იმიტომ, რომ შენ ხელი მოაწერე, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ევროკავშირის შესაბამისი იქნება და ამ დროს შენ ამას არ აკეთებ.
"ედრებიან აზერბაიჯანს, რომელსაც ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს და აზერბაიჯანი სხვა კლასშია, ის ევროკავშირსა და ნატო-ში არ მიდის და მათთან სულ სხვა კატეგორიის ურთიერთობები აქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ევროკავშირში მიდის და ბლოკიდან ყველანაირ მხარდაჭერას იღებდა. ევროკავშირს ვაბრალებთ, რომ ჩვენს ომში ჩართვას ითხოვენო და როგორ ითხოვენ, როცა აქ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მისია ჰყავთ წარმოდგენილი, რათა რუსეთმა საომარი მოქმედებები არ დაუშვას.
- პაატა ზაქარეიშვილი: "აშშ-დან "ოცნებას" უფრო მეტს ეუბნებიან, ვიდრე საჯარო განცხადებებია და ამერიკა მათ ფარისევლობას კარგად ხვდება"
"სრული ფარისევლური დამოკიდებულებაა რეალობის მიმართ, მსოფლიოში ეს არავის არ ეპატიება. სახელმწიფო სტატუსის შესაბამისად უნდა მოიქცეს, ხარ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო? მოიქეცი ისე, როგორც მოლდოვა იქცევა. ხარ ნატოს ასპირანტი? შესაბამისად მოიქეცი. მაგრამ მათ ევროკავშირი და ნატო არ უნდათ, ამას მალავენ და ამერიკელები მიხვდნენ.
"აშშ-დან "ოცნებას" უფრო მეტს ეუბნებიან, ვიდრე საჯარო განცხადებებია და ამერიკა მათ ფარისევლობას კარგად ხვდება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რატომ გადაიტანეს საუბრები ევროკავშირზე
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ არაა გამორიცხული ჩინეთი ითხოვდეს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
"ამ ტიპის გააქტიურების ლოგიკა, რამდენჯერმე გაჟღერებული იყო, როგორც ხელისუფლების, ისე მისი ოპონენტების მხრიდან. ეს კურსი აღებულია იმისთვის, რომ ხიდის ფუნქცია შევასრულოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ვაღრმავებთ კავშირებს იგივე ჩინეთთან, მაგრამ თუ ჩინეთსაც უნდა, რომ შენ ხიდი იყო, მაშინ ჩინეთი მოგთხოვს, რომ ხიდი რომ იყო, მაშინ ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა მოახერხო.
"არაა გამორიცხული, რომ პარტნიორებიც ითხოვენ იმას, რომ ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდეს. ყველა ქვეყანა ეცდება, რომ შენთან ურთიერთობაში ისე შემოვიდეს, რომ შენ იმას პრობლემებს არ უქმნიდე, ამიტომ ყველა მოითხოვს, რომ სადაც დაძაბული ურთიერთობები გაქვს მოაწესრიგო, რომ შენთან კავშირის მერე პრობლემები არ შეიქმნას",- განაცხადა საყვარელიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ საუბრების გადატანა ევროკავშირთან დიალოგზე, ეს არის მოჩვენებითი, რადგან საკუთარმა ამომრჩევლის ნაწილმა არ უთხრას - რატომ გაწყვიტე სრულიად დასავლეთთან კავშირი.
"თუ ამერიკასთან არ ვალაგებთ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, მათი ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა, რომ ევროკავშირში მივდივართ. შესაბამისად, თუ უარი თქვეს, ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა მათ ხმას აღარ მისცემს და გულის აყრა ექნებათ, ამიტომ ამ ამომრჩევლის გადასარჩენად მუდმივად ფარისევლობენ, რათა თავის ხალხს ვითომ დაუდასტურონ, რომ მიმართულებას არ იცვლიან.
"თუ იტყვიან, რომ ევროკავშირისკენ არ მივდივართ, ამას ამომრჩეველი არ აპატიებს, მით უმეტეს არჩევნები მოდის, არჩევნებისთვის მარტო ოპოზიცია არ ემზადება, თორემ "ქართული ოცნება" დიდი ხანია ემზადება, ახლა მისი მთავარი ფუნქციაა როგორმე არჩევნებამდე მიგორდეს და ამომრჩეველმა არ დააბრალოს, რომ ევროკავშირზე უარი თქვითო.
"ქართულ ოცნებას" ორი დიდი ოცნება აქვს, პირველი, ისე მოიქცეს, რომ ევროკავშირმა თავად უთხრას უარი გაწევრიანებაზე და თქვას, რომ მე რა შუაში ვარო და მეორე, რუსეთმა წაართვას საქართველოს "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი ისე, რომ თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, დამნაშავე სააკაშვილიაო, ანუ ევროკავშირისგანაც დაისვენოს, ცხინვალისგანაც და სოხუმისგანაც",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.