
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალებს, შეწყვიტოს ომი ირანში, ან მიიღოს კონგრესის თანხმობა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამდე.
„რეზოლუცია ავალებს პრეზიდენტს, გაიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებიდან, თუ ამისთვის არ არსებობს ომის ოფიციალური გამოცხადება ან კონგრესის მიერ გაცემული სპეციალური ავტორიზაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დოკუმენტი 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. რეზოლუციის მხარდასაჭერად „დემოკრატებთან" ერთად ოთხმა „რესპუბლიკელმა" სენატორმა მისცა ხმა: რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ, სიუზან კოლინზმა და ბილ კასიდიმ.
„დემოკრატი" სენატორი ჯონ ფეტერმანი ერთადერთი იყო თავისი პარტიიდან, რომელმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. იგივე რეზოლუცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო. „ბი-ბი-სი" წერს, რომ რეზოლუცია დიდწილად სიმბოლურია, რადგან კონგრესის ორივე პალატის მიღების შემდეგაც კი, ის განსახილველად ტრამპს არ გადაეგზავნება და კანონის ძალა არ გააჩნია.
სენატმა ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციას მანამდე ცხრაჯერ უყარა კენჭი, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ შეგროვებულა მის დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობა.
ტრამპმა გააკრიტიკა რეზოლუცია და მას უაზრო უწოდა. „მაშ ასე, ირანი უკვე კუთხეში მომწყვდეული მყავდა და დამარცხებამდე ცოტა აკლდა... და სწორედ ამ დროს აშშ-ის სენატმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცუდ დროს დაგეგმილი და სრულიად უაზრო კენჭისყრა ომის უფლებამოსილების აქტთან დაკავშირებით. ამ სენატორებმა ჩემი საქმე უფრო გაართულეს, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ - ასე თუ ისე, რადგან ყოველთვის ვაღწევ მიზანს!", - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
ანალიტიკოსების ნაწილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციას მხარი ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის მკაცრი და ხშირად არაპროგნოზირებადი კურსი თეთრი სახლის თანაპარტიელების გარკვეულ ნაწილშიც კი იწვევს შეშფოთებას.
ექსპერტთა შეფასებით, ეს არის სენატის მცდელობა, შეახსენოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციით ომის გამოცხადების უზენაესი უფლებამოსილება სწორედ კონგრესს ეკუთვნის და არა პრეზიდენტს.
ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს კენჭისყრა უშუალოდ ირანთან მოლაპარაკებებსა თუ დაპირისპირებაზე. კრიტიკოსები და გარკვეული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამგვარი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ასუსტებს აშშ-ის პოზიციას ირანის თვალში.
თეირანმა ეს შესაძლოა აღიქვას, როგორც ვაშინგტონის სისუსტე ან შიდა განხეთქილება, რაც მათ მანევრირების საშუალებას მისცემს. სხვა ექსპერტები თვლიან, რომ ეს რეზოლუცია ერთგვარი „დამამუხრუჭებელია", რომელიც ირანს აჩვენებს, რომ ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების სურვილი არ არსებობს, რაც ამცირებს რეგიონში უცაბედი, უკონტროლო სამხედრო ესკალაციის რისკს. მოკლედ რომ ვთქვათ, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რეზოლუცია ტრამპს სამხედრო თვალსაზრისით ხელ-ფეხს ვერ შეუკრავს, თუმცა პოლიტიკურად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და აჩვენებს, რომ ირანის საკითხზე ვაშინგტონში სრული კონსენსუსი არ არსებობს.