
ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ბიძინას გარეშე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს მყარი, სანდო და ძლიერი ალტერნატივა,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის საზოგადოებას „5+1 პუნქტზე“ შეთანხმებას სთავაზობს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური გაერთიანება არსებობდეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ბიძინას გარეშე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს მყარი, სანდო და ძლიერი ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რაშიც ძალისხმევის ჩადებას მომავალში არ დავიშურებთ”,- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.
„პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას - ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი. 1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ); 2. საქართველოში, ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს; 3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას,რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ . უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე; 4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას; 5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი",- ნათქვამია ხაბეიშვილის წერილში.