
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
"ციხიდან შეუძლებელია საუბარი: ვინ ვის რა შეუთანხმა ან მოეთათბირა ამაზე პასუხი ვერ მექნება. ერთი რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ყველაზე რეპრესირებული, დევნილი პარტიაა "ნაციონალური მოძრაობა" და ასევე ერთადერთი გუნდი, ვისაც ოპოზიციიდან გამარჯვების გამოცდილებაც აქვს და ქვეყნის აღმშენებლობისაც.
მე პირადად განსაკუთრებით ვაფასებ ყველას, ვინც წლებია, უანგაროდ ებრძვის რეჟიმს "ნაციონალური მოძრაობიდან" და აბსოლუტურად ყველა დასაფასებელია, მოსაფერებელი და წასახალისებელია.
ერთგულება, ბრძოლა, თავდადება, შეუძლებელია დაფასების გარეშე დაგვრჩეს. ცხადია, მისასალმებელია ნანუკას მზაობა, ბრძოლისუნარიანობას, რომ ენმ-სთან ერთად განაგრძოს ბრძოლა გამარჯვებამდე.
სანამ პატიმრობაში მძევლად ვარ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩავერიო რაიმე ბიუროკრატიაში და მონაწილეობა მივიღო რაიმე სახით „გარჩევებში“ და მიწერ-მოწერებში. ჩემი დამოკიდებულება, სიყვარული, თითოეული პარტიის წევრის, ჩემი თანაგუნდელების მიმართ, ცნობილი და ცხადია.
მე ქედს ვიხრი ყველა ენმ-ელის წინაშე და ამაყი ვარ რომ ვარ მათი მოსამსახურე.
ვფიქრობ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ერთია ახლანდელი რეალობა, სიტუაცია და მეორე - როცა ვიქნები თავისუფლებაზე.
მაქვს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ხედვები და გეგმები - ამას გაგიზიარებთ.
უმორჩილესი და უკიდურესი თხოვნა მაქვს - ჩემი თანამოაზრეების, ენემ-ის დიდი ოჯახის მიმართ: გთხოვთ, ვიყოთ მოთმინებით, მხნედ, საბრძოლო განწყობით და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ხელგაშლილები, სიყვარულით დავხვდეთ ყველას ვისაც ჩვენი გაძლიერება სურს და ამასობაში გაძლევთ პირობას, რომ როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში: უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა, სახალხოობა.
მოვემზადოთ დიდი „შემობრუნებისათვის“, გთხოვთ, მოთმინებას, გამძლეობას.
სოლიდარობას ვუცხადებ ელენე ხოშტარიას, რომელიც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ - ვუსურვებ გამძლეობას და მხნეობას.
მთავარია ხალხი, საზოგადოება, შევთანხმდეთ და ნაკლებ საინტერესოა, ამ ეტაპზე პარტიული ჩახლართულობები. არა საინტერესოა!" - წერია ლევან ხაბეიშვილის მიერ ტვ პირველისთვის გაგზავნილ წერილში