რეზონანსი
20.06.2026

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×