
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან უკრაინამ მოსკოვზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. დაიკეტა ყველა აეროპორტი, დაწესდა შეზღუდვები მოსკოვის წრიულ საავტომობილო მაგისტრალზე და ჩაიკეტა ქუჩები. ანალიტიკოსები ამ თავდასხმას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ-ფსიქოლოგიურ სვლად განიხილავენ. თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს კრემლს დათმობაზე წასვლას აიძულებს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, 18 ივნისის დილიდან საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში დაახლოებით 180 დრონი ჩამოაგდეს. რამდენიმე დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მოახერხა, კიდევ რამდენიმე დრონის ნამსხვრევები კი სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის" ტერიტორიაზე დაეცა.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლება იღებს ზომებს დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი ბავშვია.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება. ჩვენ არ გვინდა ომი, არც არასდროს გვდომებია. დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია, დადგა დრო, დასრულდეს ეს ომი".
„ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა", - აღნიშნა ვორობიოვმა.
მისივე თქმით, დრონი ასევე მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ჟუკოვსკში. დაზიანდა კერძო სახლები მოსკოვის მახლობლად მდებარე დასახლებებშუ ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში. დრონების ფრაგმენტები კრიუკოვოს დასახლებაში რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე დაეცა. დრონის ნამსხვრევები ელექტროსტალში კერძო სახლის სახურავზე დაეცა.
ასევე დაზიანდა ფიტნეს ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის „ბელაია დაჩას" სახურავს.
მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა: „თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება. ჩვენ არ გვინდა ომი, არც არასდროს გვდომებია. დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია, დადგა დრო, დასრულდეს ეს ომი".
მანვე მიანიშნა, რომ ეს იყო ორიოდე დღის წინ კიევის პეჩორის ლავრაზე რუსების მიერ განხორციელებული დარტყმის პასუხი.
- ალექსანდრ სირსკი: უკრაინამ მაისში თითქმის 60 კვადრატული კილომეტრით მეტი დაიბრუნა, ვიდრე დაკარგა.
„ღამით ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა" კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების" სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა".
„დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას", - აცხადებს ზელენსკი.
რუსული მედიის, „ტასის" შეფასებით , მოსკოვზე დრონით თავდასხმის მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხუთშაბათის, 18 ივნისის ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რუსეთის რეგიონებში 555 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. დრონები ჩამოაგდეს ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ვლადიმირის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერის, ტულის, როსტოვის და რიაზანის ოლქებში, მოსკოვის რაიონში, ყირიმში, ასევე აზოვის ზღვის თავზე.
მოსკოვის აეროპორტებმა ორჯერ შეაჩერეს ფრენები მოსკოვის რეგიონში დრონების მასშტაბური დარტყმის გამო. თუმცა მოგვიანებით ისევ აღდგა.
უკრაინული შეფასება
უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები და სამხედრო ანალიტიკოსები ამ შეტევებს განიხილავენ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ-ფსიქოლოგიურ სვლად.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის დასაცავად რუსეთი იძულებულია ფრონტის ხაზიდან ან სხვა სტრატეგიული ობიექტებიდან მოხსნას საჰაერო თავდაცვის ძვირადღირებული სისტემები და ისინი დედაქალაქის გარშემო განათავსოს.
- ამ თავდასხმებს ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი დათმობაზე წავა, რადგან მისთვის ომის გაგრძელება პოლიტიკური გადარჩენის საკითხია.
„ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვნად გააფართოვა საშუალო რადიუსის დრონების გამოყენება, რაც რუსეთის ლოჯისტიკასა და მომარაგების ინფრასტრუქტურას ურტყამს.
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ომის დინამიკას ცვლის და რუსეთის სამხედროებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევმა ყურადღება გაამახვილა გზებსა და რკინიგზაზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს და რუსი ჯარების მომარაგებას უზრუნველყოფს. უკრაინული მხარე ამ ქმედებებს „ლოგისტიკურ ბლოკადას" უწოდებს.
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანამ მკვეთრად გაზარდა დრონების წარმოება და უკრაინას თვეში უკვე 5 000-ზე მეტი საშუალო და შორი მანძილის დარტყმის განხორციელება შეუძლია.
თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ მაისში ფრონტიდან 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დარტყმების რაოდენობა აპრილთან შედარებით გაორმაგდა.
ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი უკვე ღიად საუბრობს, ეს შესაძლოა ომში გარდატეხის დასაწყისი იყოს.
უკრაინული ანალიტიკური ცენტრი „დიფსთეითი" იუწყება, რომ წლევანდელი მაისი 2023 წლის მაისის შემდეგ პირველი თვე იყო, როდესაც რუსეთმა ტერიტორიული დანაკარგები განიცადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინამ მაისში თითქმის 60 კვადრატული კილომეტრით მეტი დაიბრუნა, ვიდრე დაკარგა.
ომის შესწავლის ინსტიტუტი თავის შეფასებაში აღნიშნავს, რომ ასეთი დარტყმები ხელს უწყობს კონფლიქტის ახალ ფაზაში გადასვლას და შესაძლოა, უკრაინის შეტევითი ქმედებებისთვის „უნიკალური და დროში შეზღუდული შესაძლებლობა" შექმნას.
რუსული პოზიცია
დამოუკიდებელი რუსი ანალიტიკოსები, რომლებიც ძირითადად ქვეყნის გარეთ მუშაობენ, მაგალითად რუსლან ლევიევი, იან მატვეევი, მაიკლ ნაკი და სხვები, ბოლო დღეების შეტევებს ძალიან კრიტიკულად, კრემლისთვის საგანგაშო კონტექსტში აფასებენ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო ეფექტური, მრავალშრიანი დაცვის შექმნა შორი რადიუსის დრონების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, რუსი ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი ეკონომიკური ანალიტიკოსები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ბოლო დღეებში აეროპორტების ჩაკეტვა და შეზღუდვები თავად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რაც მათ პანიკაზე მიუთითებს.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინამ მიაგნო მეთოდს, სადაც მინიმალური სამხედრო ძალისხმევით ახდენს რუსეთის უდიდესი მეგაპოლისის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ბლოკირებას.
კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერები კი ბოლო დღეებში უკიდურესად უკმაყოფილონი არიან. ისინი სოციალურ ქსელებში ღიად აკრიტიკებენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ითხოვენ „სამხედრო ჩინოვნიკების დასჯას" იმის გამო, რომ დრონები დედაქალაქამდე აღწევენ და მოითხოვენ უკრაინის ქალაქებზე კიდევ უფრო მკაცრ საპასუხო დარტყმებს.
რა გაგრძელება ექნება შეტევას
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ უკრაინა ომის ახალ ფაზაში შევიდა, სადაც მასობრივი წარმოების დრონებს შეუძლიათ რუსეთის ლოჯისტიკის ჩაშლა დიდ სიღრმეზე.
ექსპერტების აზრით, ამ თავდასხმებს ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი დათმობაზე წავა, რადგან პუტინისთვის ომის გაგრძელება პოლიტიკური გადარჩენის საკითხია.
ანალიტკოსების შეფასებით, მიუხედავად დისკომფორტისა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და ადამიანური რესურსი, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. თანაც, მოსკოვზე დარტყმები არ არის იმ მასშტაბის, რომ რუსეთის ეკონომიკა ან სამხედრო მანქანა სრულად პარალიზდეს. ხოლო კრემლი ამ თავდასხმებს საკუთარი პროპაგანდისთვისაც იყენებს და მოსახლეობას ეუბნება: „ხედავთ, ნატო და უკრაინა ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გავერთიანდეთ პრეზიდენტის გარშემო".