
საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მორიგ კრიტიკულ რეზოლუციაში ანალიტიკოსები ორ მთავარ მიმართულებას გამოყოფენ - ერთი მხრივ, რეზოლუცია ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, განიხილონ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც, უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ 17 ივნისს დაამტკიცა. ანგარიში მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. ანალიტიკოსების მასში რამდენიმე მთავარ დეტალს გამოყოფენ.
რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ პერსონალური სანქციები შეიძლება იქცეს ერთ-ერთ „მთავარ ინსტრუმენტად პოლიტიკური რეპრესიების, დაუსჯელობისა და დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ". ამასთან, ევროპარლამენტი უნრეთის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას ამ მიმართულებით „მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა".
ამას გარდა, რეზოლუციაში საუბარი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერებაზე და გამოთქმულია სურვილი, რომ ასეთ შემთხვევაში შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ძნელია წინასწარ განსაზღვრა, თუ აქედან საბოლოოდ რა იქნება გათვალისწინებული და რა - არა. თუმცა, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არაა გამორიცხული პიტერ მადიარის მთავრობამ გზა გაუხსნას მიზნობრივ სანქციებს.
მთავარი პუნქტები
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ „ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება".
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ასევე „გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას".
- ევროპარლამენტი მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე.
ევროპარლამენტი „მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, სასწრაფოდ მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო აკრძალვა, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე; მოუწოდებს საბჭოს, შეისწავლოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ეფექტური და ერთიანი რეაგირება".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რეზოლუციიდან, რომელზეც ანალიტიკოსები ასევე ამახვილებენ ყურადღებას, ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლას შეეხება. ევროპარლამენტი გამოდის გაფრთხილებით, რომ მომავალში, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს და მოუწოდებს ევროკომისიას, რომ შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას შეუნარჩუნდება უვიზო მიმოსვლა.
„რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას" დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
პერსონალური სანქციების პერსპექტივა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, თუ მაინცდამაინც მოხდა ისე, რომ რეზოლუცია ევროკავშირმა გაითვალისწინა, უნგრეთის ახალი მთავრობა ამ საკითხზე ვეტოს მოხსნის.
„ასეთი მოწოდებები ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებშიც ყოფილა, მაგრამ ვნახეთ, რომ ისინი არ გაითვალისწინეს. ყოველთვის ტრაგიკული სურათის შექმნა საჭირო არაა ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შემდეგ, რადგან ის ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირად არ ასახავს იმ პოლიტიკას, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ატარებს. შეიძლება რაღაცა კომპონენტი იქნას გათვალისწინებული, შეიძლება არა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, თუ ევროკავშირმა ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა, უნგრეთის ახალი მთავრობა წინააღმდეგობას მოხსნის თუ არა, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„არ გამოვრიცხავ რომ მოხსნას - მადიარის ხელისუფლება აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებზეა, ვიდრე ორბანის. ამის ალბათობა მაღალია, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეზოლუცია შეიძლება ევროკომისიამაც და შემდეგ გაერთიანების წევრმა ქვეყნებმაც გაითვალისწინონ და საკითხი სერიოზულად დადგეს.
„მადიარი წინააღმდეგი კი არა, მომხრეც იქნება, რომ ასეთი სანქციები დაუწესდეს ქართველ მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილს. ორბანი წინააღმდეგი იყო და საერთო გადაწყვეტილება ამის გამო ვერ იღებდნენ. როგორც ვიცი, ეს სანქციები თითოეულმა სახელმწიფომ ცალკ-ცალკე უნდა გამოაცხადოს, თუმცა, კონსენსუსითაც შეიძლება მიიღონ და მადიარი არცერთის წინააღმდეგი არ იქნება.
- ვახტანგ ძაბირაძე: „მადიარი წინააღმდეგი კი არა, მომხრეც იქნება, რომ ასეთი სანქციები დაუწესდეს ქართველ მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილს. ორბანი წინააღმდეგი იყო და საერთო გადაწყვეტილება ამის გამო ვერ იღებდნენ."
„ევროკავშირი ცდილობდა ეს საერთო პოზიცია ყოფილიყო და ეს იქნება უკვე ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელსაც სულ სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ეფექტი ექნება.
„ვფიქრობ, ეს საკითხი რეზოლუციას გასცდება, უწყებები და წევრი ქვეყნები აუცილებლად ჩაერთვებიან, რადგან ეს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა, არამედ დასავლეთისთვის და ევროპისთვის პირდაპირ უსაფრთხოების საკითხია - შუა დერეფნის პოტენციალის სრულ და მაქსიმალურ ამოქმედებაზე მიდის საუბარი და აქ უსაფრთხოების თემა ვერ იქნება გადაწყვეტილი, თუ დღევანდელი „ქართული ოცნების" პოლიტიკა გაგრძელდება.
„ოცნებამ" რაც არ უნდა ილაპარაკოს, ვხედავთ, რომ რუსული გავლენის ქვეშაა და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აქ რა პარტნიორობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! ეს ფაქტორები ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის იმუშავებს. თუ „ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, ზომებიც და განცხადებებიც უფრო მკაცრი იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.
უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ჯგუფებისთვის
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ, დიდი ალბათობით, ამ რეკომენდაციას ევროკომისია სერიოზულად არ მიიღებს.
„ეს ყველაზე უფრო არაადეკვატური რეკომენდაციაა. საინტერესოა, ვინ უნდა დაადგინოს იმ პირების სია, ვისაც უვიზო მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეს და ვის უნდა გაუუქმდეს. წარმოდგენა არ მაქვს რის მიხედვით დაყვეს ასე. არ მგონია, რომ ეს აბსურდი ვინმემ სერიოზულად მიიღოს, მაგრამ თუ საქმე აქამდე მივიდა, ალბათ გარკვეული კომისია შედგება, რომელიც საქართველოში იქნება მათ მიერ ნდობით აღჭურვილი. გასაგებია ვინც შევა მის შემადგენლობაში, რომელიც შეადგენს სანდო და არასანდო პირების სიას - ვინ იმსახურებს და ვინ არა.
„ალბათ ერთ-ერთი კრიტერიუმი ეს იქნება (ვინაა „ოცნების" მხარდამჭერი და ვინ - მოწინააღმდეგე). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად შეუსრულებელი ამოცანაა. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც არავის მომხრე არაა, უვიზოდ შესვლა აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარ დამოუკიდებელ მოსაზრებას აფიქსირებს?! არ ვიცი ადამიანების გამოხშირვა რა ინდიკატორებით მოხდება, ამიტომ ამ თემას მაინცდამაინც სერიოზულად არ ვუყურებ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „(რეზოლუცია) ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირად არ ასახავს იმ პოლიტიკას, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ატარებს. შეიძლება რაღაცა კომპონენტი იქნას გათვალისწინებული, შეიძლება არა".
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ საქმე მაინცდამაინც იქამდე არ უნდა მივიდეს, როცა ევროკავშირი იძულებული გახდება და უვიზო მიმოსვლაზე ქართულ საზოგადოებას დაყოფს ჯგუფებად.
„პრაქტიკაში ეს როგორ განხორციელდება, ალბათ თავად იფიქრებენ, როცა შეზღუდვების მექანიზმების ძიებას დაიწყებენ. სტუდენტებზე გასაგებია, რადგან ქვეყანას განათლებული საზოგადოება სჭირდება, ეს შეღავათი ნამდვილად იქნება. არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, თუმცა ლაპარაკია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც „ოცნების" პროპაგანდისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი არიან, თორემ აგერ მედიასაშუალებებიც დაასანქცირეს.
„ისინი მიიჩნევენ, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ჟურნალისტები, არასამთავრობოების წარმომადგენლები და ალბათ მეცნიერების გარკვეული წრეც - ეს ის კუნძულია, რომელზედაც შემდეგ ქვეყანაში დემოკრატია უნდა აღმოცენდეს. შეეცდებიან, რომ საზოგადოების ეს ნაწილი კი არ შეზღუდონ, წაახალისონ.
„რაც შეეხება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილის, ეს კი ძალიან ცუდია, მაგრამ „ოცნება" ამბობს, რომ ამას, რასაც ვაკეთებ, ამ მოსახლეობის მხარდაჭერით ვაკეთებო და თუ მოსახლეობა მართლაც მხარს უჭერს, მაშინ, ბუნებრივია, მათაც შეზღუდავენ. მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს და ვფიქრობ „ოცნება" ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯებისთვის ნელ-ნელა ემზადება", - განაცხადა ძაბირაძემ.