„წვიმიანმა გაზაფხულმა წამლობას ხელი შეუშალა, გაიზრდა სხვა დაავადებების გავრცელების რისკიც, ამიტომ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან“
ქეთო გოგოხია
18.06.2026

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს. წლებია, აზიური ფაროსანა გამოწვევად იქცა. მთავრობა აქტიურად აგრძელებს მიზნობრივ პროგრამებსა და მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, რასაც მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი საბოლოოდ მაინც ფერმერებმა უნდა გადადგან, რათა სახელმწიფოსთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური თანამონაწილეობით ებრძოლონ მავნებელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე განახლდება, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა. მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.

გარდა ამისა, ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრები. პროცესში ჩართულია 270-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებას.

სანამ სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს, მთავარი გამოწვევა მაინც ნაკვეთებში არსებული რეალური სურათის დროული დანახვაა. სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საფრთხის შეუფასებლობა ხშირად ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, მავნებელი ამ ეტაპზე განვითარების იმ ფაზაშია (კვერცხუჯრედის სტადიაზე), როდესაც ის შეუიარაღებელი თვალით, პრაქტიკულად, უხილავია: სწორედ ამის გამო, ბევრს ჰგონია, რომ საფრთხე არ არსებობს და ბოლომდე ვერ იაზრებს მოსალოდნელ ზიანს. თუმცა, სპეციალური აპარატურით ჩატარებული მონიტორინგი საპირისპიროს ადასტურებს - პრობლემა რეალურად მასშტაბურია. თუ ახლა, სანამ მავნებელი ფრთას შეისხამს და გავრცელდება, ზომებს არ მივიღებთ, მერე პროცესის მართვა გაცილებით გართულდება.

როგორც ზურაბ ლიპარტიამ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, პრობლემაა საკარმიდამო ნაკვეთებში წამლობა, როცა საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდის მავნებელი  და მწვანე მასაზე გადადის. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მავნებლის განადგურება, რათა მეტი შედეგი მივიღოთ.

,,ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა მუშავდება ყოველწლიურად ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციით და საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. პროგრამის მიზანია, მოსახლეობასთან ერთად, სახელმწიფომ აიღოს ვალდებულებები  ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ჩასატარებლად. მოგეხსენებათ, ფაროსანა არის ლანდშაფტური მწერი, ყველგანაა ბუნებაში, როგორც ველურ საფარზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სახელმწიფომ გააკეთოს ე.წ. ფიტოსანიტარული ფარი, რომ ფაროსანა არ შევიდეს მოსახლეობის ნაკვეთებში და პლანტაციებში, ამისთვის ბარიერი უნდა შევუქმნათ. 

ცნობილია, რომ 1 ფაროსანა იძლევა  სეზონის მანძილზე 30 000 ინდივიდს, ამიტომ თითოეული მწერის განადგურება მნიშვნელოვანია სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, ერთად უნდა ვებრძოლოთ მას და კონტროლქვეშ მოვაქციოთ. პროგრამის მიზანია, 5%-მდე შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. 1 წლის ჩავარდნაც კი სერიოზულ ზიანს გამოიწვევს, ამიტომ ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება. 

ჩვენი თითოეული ნაბიჯი  მწერის ბიოლოგიას ითვალისწინებს. ახლა მიდის მატლების გამოჩეკის პროცესი, რომელიც თვალისთვის შეუმჩნეველია, მხოლოდ ჩვენი დამჭერები აფიქსირებენ. მოსახლეობას ჰგონია, რომ მავნებელი არ არის, მაგრამ პრობლემა, რომელიც თვალისთვის უხილავია, სერიოზული ზიანის მომტანია და ამიტომ ვებრძვით, რომ თითოეული სტადიისთვის განსაზღვრული ღონისძიებები აქტიურად განვახორციელოთ“, - აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

 მისივე ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებისას  ერთადერთი გამოწვევა კლიმატური პირობებია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევაში, წამლობა განსაზღვრულ ვადებში ვერ ხორციელდება.

,,ყველა ფერმერი, ვისაც საფრთხე გააზრებული აქვს, მიმართავს პრევენციის შესაბამის ზომებს, მაგრამ კლიმატური პირობების გამო, დროული პრევენცია ჭირს. გარდა პლანტაციებისა,  საკარმიდამო ნაკვეთებში წამლობის მხრივ პრობლემაა. კერძოდ, როდესაც საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდის მავნებელი და მწვანე მასაზე გადადის, მცენარეთა შეწამვლა მნიშვნელოვანია, რათა  თითოეული ფაროსანას განადგურება შევძლოთ. 

ერთ-ერთი საფრთხე კი ჭრაქის სახით ცნობილი დაავადების გავრცელებას უკავშირდება, რომელიც  ნესტიან და ცივ ამინდებში ვითარდება. ზოგჯერ შეუძლებელია  წამლობის განხორციელება ნალექის გამო და ამან გამოიწვია ზოგიერთ ადგილებში მისი გავრცელება. დასავლეთ საქართველოში საყურადღებოა სიმინდის დაავადებებიც, თხილი კი აუცილებლად უნდა შეიწამლოს დადგენილ  ვადაში, რადგან, ფაროსანას გარდა, შეიძლება განვითარდეს ნაცარი და სხვა დაავადება, რაც პროდუქტს აზიანებს.

მთლიანობაში მონიტორინგი ტარდება თითქმის ყველა სოფელში, სადაც მავნებლის გავრცელების არეალია. დამონტაჟებულია 70 000-მდე სადგური ,,მოიზიდე და გაანადგურე“. ეს ამერიკელების მიერ მაღალი ტექნოლოგიით შექმნილი  საშუალებაა,  გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგია, რომელსაც ინტენსიურად ვიყენებთ. გარდა ამისა, შარშან 26 000 წერტილში გავუშვით იაპონური ქინქლა, ფაროსანას ბუნებრივი მტერი, 2-3 წელი დავაკვირდებით, როგორ მოახდენს აკლიმატიზაციას და როგორ გაანადგურებს მწერებს. უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს. რამდენიმე წელი მოვანდომეთ ამ მეთოდის ათვისებას სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად და წელსაც გავუშვებთ ბუნებაში. ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც აქტიურად გამოიყენება. ჩვენ, ძირითადად, იტალიისა და თურქეთის გამოცდილებას ვიყენებთ. ამ საშუალებამ  უნდა შეამციროს მავნებლის რიცხოვნება და ქიმიური საშუალებების გამოყენების მასშტაბი. 

პროგრამის საერთო მიზანია, 5%-მდე შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. ერთწლიანი ჩავარდნაც კი სერიოზულ ზიანს გამოიწვევს. ამიტომ არის ჩვენი მხარდაჭერა  მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი კრიტიკული მომენტია, როდესაც ფერმერების ყურადღება არ უნდა მოდუნდეს და სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, ყველამ საკუთარ ნაკვეთში უნდა დაიწყოს პრევენციული მოქმედება“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

მავნებელთან ბრძოლის პროცესსა და ამ მიმართულებებით მიმდინარე სამუშაოებზე - თუ როგორია საქართველოს გამოცდილება და რა მიზანს ემსახურება პროგრამა -  „რეზონანსთან“ დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა. მან აქცენტი ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობასა და მიმდინარე წლის სტრატეგიაზე გააკეთა.

,,სახელმწიფო პროგრამა წლების წინ შემუშავებულია სხვადასხვა უცხოელი ექსპერტის მიერ, რეკომენდაციის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები აღიარებულია მსოფლიოში და საქართველოს მაგალითი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, განიხილება. შესაბამისად, პრინციპულ დონეზე მიდგომა არ შეცვლილა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შენარჩუნებულია როგორც მასშტაბის კუთხით, ასევე თვითონ აქტივობების კუთხითაც. 

რაც შეეხება გამოწვევებს, განსაკუთრებით ეს არის წვიმიანი გაზაფხული, რამაც აგრარული ღონისძიებების განხორციელებას ხელი შეუშალა და ამავე დროს, მაღალი ტენიანობიდან გამომდინარე, გაიზრდა სხვა დაავადებების გავრცელების რისკიც. ამიტომ  აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომ ეს საფრთხე წინა პლანზე წამოვწიოთ, წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია ფერმერებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება. 

აზიური ფაროსანა არ არის ერთადერთი მავნებელი, მნიშვნელოვანია სწორი პრევენცია. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო აქტივობების გარდა, რასაც მასშტაბურად ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, როგორც საწყის ეტაპზე, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით, როცა ფაროსანა თავშესაფრის ძებნას დაიწყებს, რომ ფერმერებმა მათ ტერიტორიებზე, მაქსიმალურად შეძლონ მავნებლის განადგურება“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

რაც შეხება პლატფორმას - ,,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი“ - ლაშა ავალიანის ინფორმაციით, ხელახლა გააქტიურდა სპეციალიზირებული გვერდი სოციალურ ქსელში, რათა მეტი კომუნიკაცია შედგეს დაინტერესებულ პირებთან, სწორი მიმართულება მიეცეთ და ფერმერები აქტიურად ჩაერთონ პროცესში.  

„შეუძლებელია პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევით, თუ მას გვერდით არ დაუდგა ფერმერი, რათა ღონისძიებები იყოს დროული და წარმატებული.

რა თქმა უნდა, პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული გალის ტეროტორიის მოსახლეობა წელსაც გავითვალისწინეთ. როგორც წესი, ჩვენ გარკვეული რაოდენობის პრეპარატებს გადავცემთ იქ მცხოვრებ ადამიანებს წამლობის ჩასატარებლად. უშუალოდ მეზობლებთან, განსაკუთრებით თურქეთთან და აზერბაიჯანთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა ჩვენს მიერ რეგიონულ დონეზე ჩატარებული ღონისძიებები უფრო ეფექტიანი იყოს. ზოგადად მავნებლის ბიოლოგიის და სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან გამომდინარე, ჩვენი ღონისძიებები, ძირითადად, ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის ტერიტორიაზე, ასევე პრევენციულად კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში. 

ეს მავნებელი უკვე 10 წელია რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, ფერმერებმა კარგად იციან მისი ბუნება, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება თუნდაც დროული რეაგირების კუთხით, წლის მთელ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები და კოორდინაცია როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა გააქტიურება, იგეგმება როგორც ადგილზე შეხვედრები, ასევე სხვადასხვა საშუალების ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით წინასწარ იღებს ინფორმაციას დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეწამვლის ღონისძიებები ასევე კოორდინირებულია მეფუტკრეებთან. დეტალური ინფორმაცია და სამუშაოების განრიგი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: parosana.ge.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური კოორდინაციით ხორციელდება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, დროულად განახორციელონ მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რადგან უხვი ნალექი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×