
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რუსული ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა:
"საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი, ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები და ხაზი გავისვით ამ შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებშია - რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა უფრო მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ურთიერთობებიდან. ასევე, ინტერესის კვალდაკვალ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, ფართო რეგიონში არსებული კონფლიქტები, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობები, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, თუ სხვადასხვა მიმართულება. ამ მხრივ, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტები ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას,"- აცხადებს ლევან მახაშვილი.