
"დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” – წერს სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის, ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე
მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ლუკას დამ, ლიზი ჩხიკვიშვილმაც: “ოჯახის წევრებს როდის მოგვწერ ყალბი გვერდებით სამუქარო შეტყობინებებს ძალიან მაინტერესებს!!!”
პარალელურად, გამოცემა “გურიის მოამბე” ავრცელებს ე.წ. სქრინშოთებს, სადაც ასახულია, რომ ლუკა სიხარულიძის ახლობლებს ანონიმური პირები წერენ: “გელოდები, ჩამოდი”, “როდის იქნები ჩოხატაურში”, “იქ აგიხსნი, სადაც საჭიროა”, “ჩამოდი, აქ ვარ”… გამოცემას ოჯახის ახლობლებიც უყვებიან, რომ მათ ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მუქარები დაიწყო მას შემდეგ, რაც ლუკას ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს მიმართვა, რომ ითხოვენ ყველა იმ ექიმის დასჯას, რომელსაც ბავშვის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის.
9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.